ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტატიათა კრებულის „ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები“ პრეზენტაცია გაიმართა.
კრებულის რედაქტორია თსუ პროფესორი კონსტანტინე კორკელია. მისი ინფორმაციით, კრებულში თავმოყრილია ავტორთა სტატიები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე და მიზნად ისახავს, გაანალიზოს საქართველოში არსებული სამათლებრივი და ადამიანის უფლებათა პრობლემები, საზოგადოებას შესთავაზოს ამა თუ იმ სამართლებრივი პრობლემის მოგვარება სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე.
„ჩვენ ვცდილობთ, რომ საერთაშორისო გამოცდილება გავუზიაროთ ქართველ იურისტებს და საბოლოო ჯამში, ხელი შევუწყოთ იმას, რომ ჩვენი კანონმდებლობა დაიხვეწოს და უფრო მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოთ ადამიანის უფლებათა დაცვა. ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის არის აქტულური, თავმოყრილია ამ კრებულში. ავტორები არ იზღუდებიან თემატიკის თვალსაზრისით, საინტერესოა რას ფიქრობენ იურისტები, მეცნიერები, პრაქტიკოსები. ყველა მათგანი თავის ნააზრევს გამოხატავს ამ კრებულში“-განაცხადა კრებულის რედაქტორმა
კონსტანტინე კორკელიამ.
კრებული 2006 წლიდან გამოიცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორის სამართლის ინსტიტუტის მიერ. ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის თქმით, წელს კრებულის გამოცემის 10 წლის იუბილეა.
„ადამიანის უფლებების დაცვა არის ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა თანამედროვე საერთაშორისო სამართალში. სწორედ ეს თემა აიღო კრებულის ავტორმა, როგორც ძირითადი პრობლემა 10 წლის წინ, როდესაც დაიწყო ამ კრებულის გამოცემა. ის ვინც ამ კრებულს წაიკითხავს, მიხვდება თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებებს“,- აღნიშნა აკადემიკოსმა
ლევან ალექსიძემ.
სტატიათა ავტორები არიან როგორც მეცნიერები, ისე პრაქტიკოსი იურისტები მოსამართლეები და ადვოკატები, ასევე, არასამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.