2013-08-09

Smart School-ის კლასის გახსნა თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში SAMSUNG-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბი ქეი იუნმა  Smart School-ის კლასი გაიხსნა. ცერემონიას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და SAMSUNG-ის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ეს არის პირველი პროექტი, რომელიც SAMSUNG-მა საქართველოში  განახორციელა.  Smart School-ის კლასი წარმოადგენს სასწავლო აუდიტორიას, რომელიც აღჭურვილია SAMSUNG-ის მაღალი ტექნოლოგიის „თაჩ სქრინით“ და ქსელურად მასზე მიბმული პლანშეტებით. 
“თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სისტემაში. მისასალმებელია, რომ მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკა საქართველოშიც იკიდებს ფეხს. დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა, განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისკენ. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი და მოტივაცია, რომ კერძო სექტორი უფრო საფუძვლიანად ჩაერთოს განათლების სისტემაში“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. 
თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, Smart School-ის კლასის გახსნა კერძო კომპანიის და უნივერსიტეტის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. „მოხარული ვართ, რომ სმარტ სკოლის პირველი კლასი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპანია SAMSUNG-ის მხარდაჭერით გაიხსნა. ეს არის კერძო კომპანიის და უნივერსიტეტის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი და იმედი გვაქვს, სმარტ სკოლის გახსნა უნივერსიტეტში ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობის დასაწყისი იქნება. ეს სიახლე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უნივერსიტეტის განვითარებაში“, - განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
„მოხარული ვარ საქართველოში სტუმრობით. სოციალური პასუხიმგებლობის პლატფორმის ფარგლებში სმარტ სკოლა არის ჩვენი პირველი პროექტი, რომელსაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და უფრო მასშტაბურს გავხდით. ვაპირებთ, ასევე დავაწესოთ SAMSUNG-ის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის და ხელი შევუწყოთ განათლების დონის ამაღლებას,“ - განაცხადა SAMSUNG-ის პრეზიდენტმა ბი ქეი იუნმა.
ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, “სმარტ სკოლის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით და სახელმწიფო ამ პროცესს ყოველმხრივ შეუწყობს ხელს“.
ცერემონიის შემდეგ სტუმრებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში განთავსებული მუზეუმი, ბიბლიოთეკა და იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი დაათვალიერეს.  
Smart School-ის კლასს კომპანია SAMSUNG-ი სექტემბერში GIPA-შიც გახსნის. მსგავსი კლასების მოწყობა პირველ საჯარო სკოლაში და პროფესიულ სასწავლებლებშიც იგეგმება. 

Print

« იხ. ყველა სიახლე