2018-08-22

აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა სინტია ჰუგერმა თსუ რექტორთან გიორგი შარვაშიძესთან, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან ერთად „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ საგანმანათლებლო პროექტების შედეგად უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზოგადი, ანალიზური, ორგანული, ფიზიკური ქიმიის და ბიოქიმიის, ინსტრუმენტული ქიმიის, ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიები დაათვალიერეს. ლაბორატორიები  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს კომპაქტის ფარგლებში თსუ-ში სან დიეგოს (აშშ) უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის 2017 წელს გაიხსნა. 
  
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს კომპაქტის ფარგლებში 5 ლაბორატორია არსებობს და კიდევ რამდენიმე ლაბორატორიის გახსნა იგეგმება. „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივად ოთხ პროგრამაზე მუშაობენ. მომავალ წელს ამ პროექტის პირველი ფაზა დასრულდება და თსუ-ში გვექნება საქართველოში პირველი საინჟინრო პროგრამა, რომელიც ამერიკული სააკრედიტაციო სააგენტოს ABET-ის მიერ იქნება აკრედიტებული,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.   

აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა სინტია ჰუგერმა შეხვედრაზე ლაბორატორიების პროექტი განიხილა და საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ სტუდენტებს გაესაუბრა. „სტუდენტების უმრავლესობა საზღვარგარეთ სწავლობდა. ისინი ბევრს სწავლობენ და ამ ცოდნას უკან აბრუნებენ. თქვენ გყავთ შვიდი ელექტროინჟინერი, მათ წინაშე უამრავი ტექნოლოგიური შესაძლებლობაა, იმისათვის, რომ გააკეთონ ის რისი სურვილიც ექნებათ,“ - აღნიშნა სინტია ჰუგერმა.   

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის თქმით, ვიცე-პრეზიდენტი სინტია ჰუგერი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოში დაფინანსებულ პროექტებს ეცნობა. „ჩვენ ვეწვიეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც უახლესი ტექნოლოგიები დავათვალიერეთ, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში იქნა შესყიდული; შევხვდით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის სტუდენტებს და გავეცანით პროექტის მიმდინარეობას,“ - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.   

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი სინტია ჰუგერი ოფიციალურ შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან. შეხვედრის დროს მხარეები განიხილავენ ათასწლეულის გამოწვევის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში ოთხი წლის განმავლობაში წარმატებით განხორციელებულ პროექტებს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტებს, რაც ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო სექტორებში.  


Print

« იხ. ყველა სიახლე