2010-06-02

თსუ–სა და კონსერვატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელს ორი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა პროფესორმა გიორგი ხუბუამ და მანანა დოიჯაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი ერთობლივი კვლევის, განათლების, სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შექმნას ითვალისწინებს. ხელშეკრულების თანახმად განხორციელდება პროფესორთა გაცვლა, რათა მათ ხელი შეუწყონ პროგრამების შემუშავებას ახალ ან სპეციფიკურ დისციპლინებში.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ამიერკავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებელი  და პირველი  უნივერსიტეტი თანამშრომლობის ოფიციალურ მხარეზე შევთანხმდით. ჩვენი ურთიერთობა დიდი ხანია გრძელდება, თუმცაღა სტუდენტების მასშტაბური ჩაბმა ერთობლივ პროექტებში მხოლოდ მემორანდუმის საფუძველზე გახდება შესაძლებელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოირჩევიან მრავალფეროვანი ინტერესებით და ვფიქრობ, ეს ინიციატივა მათთვის დროული და საინტერესო იქნება“, – აღნიშნა თსუ–ს რექტორმა გიორგი ხუბუამ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი თაობის აღზრდა და მათთვის უმაღლესი პროფესიული განათლების მიცემა, ამიტომაც თანამშრომლობის ფარგლებში პროფესორთა და სტუდენტთა  ურთიერთგაცვლა აუცილებელია. დაინტერესების შემთხვევაში შეიქმნება ჯგუფები, რომლებსაც ორივე უმაღლესი სასწავლებლის პროფესორები ჩაუდგებიან  სათავეში“, – განაცხადა კონსერვატორიის რექტორმა მანანა დოიჯაშვილმა.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე