2013-09-11

საერთაშორისო კონფერენცია „ურბანული კვლევები, ურბანული თეორია და გეგმარებითი პრაქტიკა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მე–5 საერთაშორისო კონფერენცია პოსტ-კომუნისტური ქვეყნების ურბანულ გეოგრაფიაში: „ურბანული კვლევები, ურბანული თეორია და გეგმარებითი პრაქტიკა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში“.
თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ჩვენი უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი ლიდერი უნივერსიტეტი მეცნიერების ბევრი მიმართულებით, ხოლო პოსტკომუნისტური განვითარების თვალსაზრისითმ, რა თქმა უნდა  ყველაზე გამორჩეულები ვართ. ურბანული გეოგრაფიის თემებისადმი მიძღვნილი კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის, რეგიონისთვის  და საერთაშორისო აღიარების დასტურია, რომ ამ კონფერენციაზე არაერთი ცნობილი მეცნიერია ჩამოსული.“
„თბილისი აირჩა როგორც ერთ-ერთი საინტერესო მაგალითი პოსტსოციალისტული ტრანზიციის, რომელსაც რასაკირველია ძალიან ბევრი სირთულე ახლავს. სწორედ  ამ სირთულეებს და პოზიციურ ძვრებს განვიხილავთ ამ კონფერენციაზე. კონფერენციას დაახლოებით 50 უცხოელი მეცნიერი ესწრება იმ ქვეყნებიდან, სადაც ქალაქების გეოგრაფია სერიოზულად ვითარდება და არამარტო გეოგრაფია, არამედ ქალაქმშენებლობის მეცნიერება. შესაბამისად,  თბილისის არჩევა არის გარკვეული პრესტიჟი ჩვენთვის. ეს იმის დასტურია, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი სკოლა, რომელსაც შეუძლია ევროპული დონის სამეცნიერო შედეგები დადოს,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტმა რევაზ გაჩეჩილაძემ.
ღონისძიება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ორგანიზებით და შვეიცარიის სამეცნიერო აკადემიური ქსელის (ASCN) მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენციაში საზღვარგარეთის სხვადასხვა უნივერსიტეტისა და კვლევითი ცენტრის   70-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

Print

« იხ. ყველა სიახლე