ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ყატარის უნივერსიტეტს შორის გაცვლითი სასწავლო პროგრამები ამოქმედდება და ერთობლივი სამეცნიერო კვლევები ჩატარდება. თსუ-სა და ყატარის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 8 აპრილს გაფორმდა. ხელშეკრულებას თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა
ვლადიმერ პაპავამ და ყატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა
შეიხა აბდულა ალ მისნადმა მოაწერეს ხელი.
თსუ რექტორის
ვლადიმერ პაპავას განცხადებით,
„ყატარის უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი გაცვლითი პროგრამების ამუშავებას და ერთობლივი კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს. სტუმართან საუბრისას გამოიკვეთა მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივა. ჩვენი უნივერსიტეტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებას; მით უფრო მეზობელ არაბულ სამყაროსთან.“
„მოხარული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვეწვიე, რადგან იგი ერთ-ერთი დიდი უნივერსიტეტია რეგიონში. ჩვენ მრავალი განხრით - კვლევებისა თუ სწავლების მიმართულებით შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. ჩვენს ორ უნივერსიტეტს ერთმანეთისგან ბევრის სწავლა შეგვიძლია“,- აღნიშნა ყატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა
შეიხა აბდულა ალ მისნადმა.
ყატარის უნივერსიტეტის რექტორი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, კერძოდ, მათემატიკის სწავლებით დაინტერესდა. პროფესორმა შეიხა აბდულა ალ მისნადმა ისაუბრა თსუ-ში არაბისტიკის მიმართულების ხელშეწყობაზე.
აღნიშნული ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა.