2014-06-09

ტრინაციონალური საზაფხულო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 ივნისს ტრინაციონალური საზაფხულო უნივერსიტეტი გაიხსნა. თსუ-ს, ზაარლანდისა და ნანტის უნივერსიტეტების ერთობლივი საზაფხულო უნივერსიტეტის „ჩვენი ქალაქები მომავალში“-ს მესამე ნაწილში 30 სტუდენტი (ყოველი მონაწილე ქვეყნიდან 10 სტუდენტი) ჩაერთვება. ტრინაციონალური საზაფხულო უნივერსიტეტის პირველი და მეორე ნაწილი ზაარბრიუკენსა და ნანტში ჩატარდა, ხოლო მესამე ნაწილი კი თბილისში იმართება.
ტრინაციონალური საზაფხულო სკოლის მიზანია: დარგობრივი ცოდნის გაზიარება სხვადასხვა დისციპლინებში აკადემიური და პრაქტიკული ასპექტების გათვალისწინებით, ინტერდისციპლინური სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობა, მულტინაციონალური სამეცნიერო დიალოგის ხელშეწყობა, საზოგადოებისათვის რელევანტურ თემებზე დისკუსიის წამოწყება, სოციალურ, ლინგვისტურ და ინტერკულტურულ კომპეტენციათა გაღრმავება.
პროექტი მიზნად ისახავს საზაფხულო უნივერსიტეტების უკვე არსებული ქსელის განვითარებას, სამ ქალაქს შორის სამეცნიერო ქსელის ჩამოყალიბებას. უნივერსიტეტი მონაწილეებს სთავაზობს ფართო პროგრამას - ლექციების, დისკუსიების, ვორქშოპებისა სხვა პრაქტიკული მეცადინეობების, ასევე ექსკურსიებისა და ლინგვისტური ანიმაციების სახით. მონაწილეთა პროექტის მომოხილვა გამოქვეყნდება საფრანგეთის ცენტრის წლიურ კატალოგში, ორგანიზატორთა და პარტნიორ ინსტიტუციათა ვებგვერდებზე.
პროექტის ორგანიზატორები არიან: თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი,  ზაარლანდის უნივერსიტეტის საფრანგეთის ინსტიტუტი, ნანტის ფრანგულ-გერმანული კულტურის ცენტრი, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის საინფორმაციო ცენტრი.



Print

« იხ. ყველა სიახლე