2013-09-25

თსუ ემიგრაციის მუზეუმს ქართველი ემიგრანტის არქივი გადაეცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემიგრაციის მუზეუმს საქართველოს პირველი პარლამენტის - საქართველოს ეროვნული კრების წევრის მიხეილ ყაუხჩიშვილის არქივის ნაწილი გადაეცა.
მუზეუმს ყაუხჩიშვილის არქივი ემიგრანტის შვილიშვილმა ელენე ყაუხჩიშვილმა და რძალმა ფრანჩესკა მელცი-ყაუხჩიშვილმა გადასცეს. მათ ცნობილი ქართველი მეცნიერის სიმონ ყაუხჩიშვილის (მიხეილ ყაუხჩიშვილის ძმა) შვილიშვილმა ლია ჯინორიამ და სიძემ რისმაგ გორდეზიანმა უმასპინძლეს.
თსუ პროფესორის რისმაგ გორდეზიანის განცხადებით, „საქართველოს უბრუნდება ერთ-ერთი გამორჩეული ქართველის არქივი. ჯერ მხოლოდ ნაწილი ჩამოვიდა. მომავალში დაგეგმილია არქივის სრულად გადმოცემა.“
„მიხეილ ყაუხჩიშვილის არქივი იმის ნიშნად უნდა გადმოგცეთ, რომ საქართველო მუდმივად იყო მის გულსა და ცნობიერებაში. პირველ ეტაპზე ჩამოვიტანეთ ნახაზები, ესკიზები, რომელიც სიმონ ყაუხჩიშვილმა როგორც დიზაინერ-არქიტექტორმა შექმნა „სიმენსისთვის“. საზოგადოებისთვის უცნობია ის ფაქტი, რომ მისი დაპროექტებულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ზაჰესი“, -აღნიშნა  ფრანჩესკა მელცი-ყაუხჩიშვილმა.
მიხეილ ყაუხჩიშვილი იყო საქართველოს სოციალისტ- ფედერალისტური  პარტიის წევრი, საქართველოს პირველი პარლამენტის – საქართველოს ეროვნული კრების წევრი,  დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური წარმომადგენელი ევროპის ქვეყნებში და გასაბჭოების შემდეგ ფირმა „სიმენსის“ მთავარი სამმართველოს წევრი და დირექტორი ჯერ გერმანიაში, შემდეგ იტალიაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე