2010-03-07

პატრიცია ფლორი სტუმრად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

       ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ეწვია. დოქტორი პატრიცია ფლორი, საქართველოში ელჩის უფლებამოსილების ამოწურვამდე, კიდევ ერთხელ ესტუმრა უნივერსიტეტს და საჯარო ლექცია წაიკითხა. “20 წელი გერმანიის გაერთიანებიდან – გერმანია 1990 წელს და დღეს”, - ამ თემაზე ფატრიცია ფლორი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ორი საათის განმავლობაში საუბრობდა. შეხვედრისას პატრცია ფლორმა გერმანიის გაერთიანების რთული და ხანგრძლივი პროცესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ 20 წლის წინ გერმანიაში საბჭოთა ჯარი იდგა, რომლის გაყვანასაც წლები დაჭირდა. მისივე განცხადებით გერმანიის გაერთიანება მოლაპარაკების პროცესის შედეგად მოხდა. “ანალოგიური პრობლემა დღეს საქართველოსაც აწუხებს და დღევანდელი ლექციის თემა სწორედ ამიტომ ავირჩიე. გაერთიანება დღეს საქართველოშიც შესაძლებელია, ამ პროცესში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა”, - აღნიშნა პატრიცია ფლორმა.
       1945 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია გაყოფილ იქნა 4 საოკუპაციო ზონად. 1949 წელს ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული ზონებისგან – შეიქმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საბჭოთა ზონისაგან კი – გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1990 წლის 3 ოქტომბერს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითად კანონს შეუერთდა და 28 წლის განმავლობაში ბერლინის კედლით ორად გაყოფილი ქვეყანა საბოლოოდ გაერთიანდა.
       ფატრიცია ფლორი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩად საქართველოში 2006 წელს დაინიშნა. გერმანიის უკვე ყოფილი  ელჩი საქართველოში უფლებამოსილებას რამდენიმე დღეში მოიხსნის. ფატრიცია ფლორი საქმიანობას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაგრძობს, სადაც კურირებას კავკასიის რეგიონს გაუწევს.





თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე