ამერიკისმცოდნეობის XX ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ამერიკელი ასტრონავტების ნილ არმსტრონგის და ბაზ ოლდრინის მთვარეზე გადასხდომის 50 წლისთავის აღსანიშნავად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს მიეძღვნა. ღონისძიებას თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე, თსუ რექტორის მოადგილე
ნინო ოკრიბელაშვილი, საქართველოში აშშ ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი
ჯეფ რენო, თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
ვასილ კაჭარავა, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
„ნილ არმსტრონგისა და ბაზ ოლდრინის მთვარეზე დაშვება იყო ცივილიზაციის განვითარებაში ერთ-ერთი ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი. დღევანდელ კონფერენციაზე ბევრი კვლევა და მოხსენებაა წარმოდგენილი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობათა ჭრილში, ამერიკული დემოკრატიის მაგალითები,“ - განაცხადა თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც განსაკუთრებით აღნიშნა კონფერენციაში ახალგაზრდების მონაწილეობა.
ამერიკისმცოდნეობის XX ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორია საქართველოში აშშ საელჩო. ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ჯეფ რენოს თქმით, კონფერენცია ქართველებს ამერიკის შეერთებული შტატების უკეთ გაცნობაში ეხმარება. „მოხარული ვარ, რომ დღევანდელი ღონისძიების ნაწილი ვართ. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეოცედ ხდება. მთვარეზე დაშვებიდან 50 წელი განსაკუთრებული თარიღია. კონფერენციაზე ძალიან საინტერესო თემები განიხილეს,“ - აღნიშნა
ჯეფ რენომ.
თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის
ვასილ კაჭარავას ინფორმაციით, კონფერენციაზე 140-მდე მოხსენებაა წარმოდგენილი. „ძალიან მნიშვნელოვანი, საიუბილეო კონფერენციაა. რასაკვირველია, ყურადღება ჩვენს სამეცნიერო საქმიანობაზე გამახვილდა- რა გამოვაქვეყნეთ, რას ვაპირებთ. მცირე ანგარიშს ჩავაბარებთ ჩვენი საქმიანობის შესახებ. ძალიან საინტერესო გზავნილები გვაქვს,“ - განაცხადა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პროფესორმა
ვასილ კაჭარავამ. ამერიკისმცოდნეობის მე-20 ყოველწლიური კონფერენცია 25 მაისს დასრულდება.