ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკუსია „კულტურული მრავალფეროვნების გამოწვევები დღევანდელ მედიაში“ გაიმართა, რომელიც აუდიო-ვიზუალურ მედიაში კულტურული მრავალფეროვნების საკითხების განხილვას ემსახურება.
დისკუსიას წარუძღვნენ მოწვეული ევროპელი მედია ექსპერტები: ფრანს ჯენეკენსი-ჰოლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (NRT) მრავალფეროვნების დეპარტამენტის ხელძღვანელი და ევროპის მაუწყებელთა კავშირის ფარგლებში არსებული კულტურათაშორისი მრავალფეროვნების ჯგუფის თავმჯდომარე. კურტ შაადი-პირველი ინტერნეტ ტელევიზიის JOIZ-ის თანადამაარსებელი, 38-წლიანი სამუშაო გამოცდილებით შვეიცარიის საზოგადოებრივ ტელევიზიაში. რობერტ პარსონსი-France 24-ის უცხოეთის ამბების მთავარი რედაქტორი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არხის PIK ყოფილი ხელმძღვანელი და წლების მანძილზე BBC-ის კორესპონდენტი.
თსუ რექტორის მოადგილის
მერაბ ელიაშვილის თქმით -
,,დღევანდელი კონფერენცია ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. მათ შესაძლებლობა ეძლევათ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლების მოხსენებები მოისმინონ და მათთან დისკუსიაში ჩაერთონ. ასევე მიიღონ ინფორმაცია კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობის როლზე მედიაში და მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევებზე.’’
,
,განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული წვლილისთვის. დღეს აქ იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნის მედია-ექსპერტები, რომლებიც თავიანთ გამოცდილებასა და ცოდნას გაუზიარებენ როგორც მომავალ, ისე გამოცდილ ჟურნალისტებს, სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას’’ - განაცხადა
შტეფან ტოლცმა ადამი მედიის პრიზის პროგრამის ხელმძღვანელმა.
ადამი მედიის პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში 2015 წელს დაარსდა. ამ ინიციატივის მიზანია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) ყურადღება გაამახვილოს უმცირესობების, მიგრაციისა და კულტურული მრავალფეროვნების საკითხებზე. ადამი მედიის პრიზის მთავარი იდეა არის საერთაშორისო დონეზე მედიააქტორების დაკავშირება და ჟურნალისტებისა და კინორეჟისორების ხელშეწყობა.