2010-04-06

ქალაქის კულტურა და ქალაქგეგმარება თბილისში: ევროპისა და აზიის შესაყარზე

6 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომცემლობა „The Edwin Mellen Press“-ის მიერ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია შედგა. თბილისის შესახებ  ინგლისურენოვანი წიგნი „ქალაქის კულტურა და ქალაქგეგმარება თბილისში: ევროპისა და აზიის შესაყარზე“ (City Culture and City Planning in Tbilisi: Where Europe and Asia Meet) მოიცავს სამეცნიერო სტატიებსა და კრიტიკული ესსეების კრებულს. წიგნი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის იოსებ სალუქვაძის, სენ კლოდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის კრისტოფ ვან აშესა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორის ნიკა შავიშვილის მიერ არის შედგენილი.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს პირველი საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაა, რომელიც ჩვენს დედაქალაქს მიეძღვნა. წიგნის გამოცემით არსებული კვლევები და სამეცნიერო-ანალიტიკური ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა პროფილის მეცნიერთა საერთაშორისო ერთობისათვის.
„ქალაქის დაგეგმარება და მასთან არსებული პრობლემები ფუნდამენტური გამოკვლევის საგანი გახდა, ეს წიგნი ხელს შეუწყობს აღნიშნული კვლევების წარმოებას. მნიშვნელოვანია წიგნის სათაური, დღევანდელი რეალობა აერთიანებს განსხვავებული ცივილიზაციის ელემენტებს და ქალაქის კულტურა თბილისში სწორედ ევროპისა და აზიის შესაყარზე ვითარდება“, –აღნიშნა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ.
კრებული მრავალდისციპლინურია - მასში განხილულია თბილისის მოსახლეობის, სოციალური და ეთნიკური ჯგუფების, კულტურული მრავალფეროვნების, ქალაქგეგმარებისა და ტერიტორიების გამოყენების, ქალაქმშენებლობის პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და სხვა საკითხები. წიგნის ავტორები წარმოადგენენ აშშ-ის (ჩიკაგოს, მიჩიგანის, მინესოტას უნივერსიტეტები), კანადის (ტრენტის უნივერსიტეტი), ავსტრალიის (მონაშის უნივერსიტეტი), გერმანიის (კაიზერსლაუტერნის ტექნიკური უნივერსიტეტი), ნიდერლანდებისა (ვაგენინგენის უნივერსიტეტი) და ბელგიის (ლუვენის უნივერსიტეტი) ცნობილ საერთაშორისო აკადემიურ ცენტრებს, ასევე საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს.
წიგნის ერთერთმა შემდგენელმა, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა იოსებ სალუქვაძემ წიგნი შემდეგნაერად დაახასიათა: „ეს ინტერნაციონალური წიგნია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 15 ავტორია გაერთიანებული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისწავლოთ მსჯელობა და შემდეგ პროცესის წარმართვა და არა პირიქით. წიგნში მოცემულია კრიტიკული ნაწილიც, რომელიც საშუალებას იძლევა საზოგადოების ჩართვა ქალაქმშენებლობის პროცესში უფრო აქტიური გახდეს, რომ მათი აზრი შემდეგში აუცილებლად იყოს გათვალისწინებული“.
წიგნის ქართული ვერსიაზე მუშაობა ავტორებმა უკვე დაასრულეს, გეგმის მიხედვით სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ მისი გამოცემა კი, წლის ბოლომდე განხორციელდება.
წიგნის პრეზენტაციაზე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ინიციატივის შესახებაც ისაუბრეს. სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია ლექციების სერია სახელწოდებით „სტუმარი“ იწყება. დისკუსიები სხვადასხვა საინტერესო თემაზე ყოველ სამშაბათს, 16:00 საათზე გაიმართება.
Print

« იხ. ყველა სიახლე