ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-02-26

ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში მოეწყო წიგნების გამოფენა ლიტერატურის კრიტიკოსის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის კიტა აბაშიძის კოლექციიდან.
გამოფენა  1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ  თბილისთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას მიეძღვნა.  
„25 თებერვალი ისტორიული დღეა ჩვენი უნივერსიტეტისა და ქვეყნისათვის. ეს არის დღე, როდესაც ქართველები და მათ შორის ბევრი უნივერსიტეტელი, დაიღუპა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. რაც შეეხება კიტა აბაშიძის გამოფენას, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ბიბლიოთეკის ისტორია დაიწყო სწორედ  იმ საჩუქრით, რომელიც კიტა აბაშიძემ  გაუკეთა უნივერსიტეტს. მან თავისი დანატოვარი ბიბლიოთეკა უნივერსიტეტს უსახსოვრა. ის რაც გამოფენილია დღეს მხოლოდ მცირე ნაწილია, მაგრამ დამთვალიერებელი ნახავს თუ რა მდიდარი შენაძენი იყო უნივერსიტეტისთვის. ეს იყო უნიკალური წიგნები არამარტო იმდროინდელ  საქართველოში, არამედ ეს ეგზემპლარები დღესაც ერთადერთია და ისიც ჩვენ უნივერსიტეტშია“, - განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„კიტა აბაშიძის როლი უნივერსიტეტის ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი ანდერძის თანახმად, მისი წიგნების კოლექცია უნდა გადასცემოდა უნივერსიტეტს. სწორედ, კიტა აბაშიძის ანდერძის თანახმად, 1917 წელს აღნიშნული კოლექციით ფაქტობრივად გაიხსნა უნივერსიტეტის წიგნთსაცავი. კიტა აბაშიძის ოჯახი და მისი შთამომავლობა მთლიანად არის დაკავშირებული საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლასთან და ამ გამოფენით ჩვენ პატივი მივაგეთ მის ოჯახს, ყველა უნივერსიტეტელს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის იბრძოდა“, - აღნიშნა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.
ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრემ თარხუჯ ჯავახიშვილმა თსუ ბიბლიოთეკას 1925 წელს გადაღებული სურათი გადასცა, რომელზეც სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს წევრები  არიან გამოსახული. სურათი იმითაც არის საინტერესო, რომ მასზე დატანებულია უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრთა, ცნობილ მეცნიერთა ხელმოწერები.
ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა  ხსოვნას და უნივერსიტეტის ეზოში აღმართული  მემორიალი ყვავილებით შეამკეს; დაათვალიერეს კიტა აბაშიძის წიგნადი კოლექციის ნაწილი  და ეპოქის ამსახველი ჟურნალ-გაზეთებიდან მის პუბლიცისტურ წერილებს გაეცნენ.
ღონისძიებას  უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, კიტა აბაშიძის, ივანე ჯავახიშვილისა და დაღუპულ იუნკერთა შთამომავლები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

Print

« იხ. ყველა სიახლე