ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-12-15

წიგნის „Georgian Christian and Its Cultural Context“ და საერთაშორისო ჟურნალის „ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“ №3 პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, გამოჩენილი ფილოსოფოსის, აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის „Georgian Christian and Its Cultural Context“ და საერთაშორისო ჟურნალის „ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“ №3  პრეზენტაცია გაიმართა თსუ-ში. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ცნობილ ქართველ ფილოსოფოსს, საზოგადო მოღვაწეს, ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამაარსებელს შალვა ნუცუბიძეს შეუსრულდებოდა 126 წელი დაბადებიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით გამოიცა ჟურნალი, რომელიც მთლიანად მიეძღვნა შალვა ნუცუბიძეს, მის მეცნიერულ მოღვაწეობას. ამავე დროს, ჰოლანდიაში გამოიცა წიგნი, რომელიც არის კოლექტიური მონოგრაფია, ავტორები არიან არა მარტო ქართველი არამედ უცხოელი ცნობილი ფილოსოფოსები. ეს წიგნი გამოსცა ცნობილმა გამომცემლობა ბრილმა და ამ გამოცემამ ინგლისურენოვან საზოგადოებას  ერთხელ კიდევ უნდა შეახსენოს ქართველი ფილოსოფოსის შალვა ნუცუბიძის სამეცნიერო მოღვაწეობა.  ეს გამოცემები არის ძალზე მნიშვნელოვანი და დიდი იმედი მაქვს უნივერსიტეტი ღირსეულად მოემზადება 130 წლის იუბილის აღსანიშნავად.“
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - აღინიშნება დიდი ქართველი ფილოსოფოსის, უნივერსიტეტის დამფუძნებლის შალვა ნუცუბიძის იუბილე. ამ დღეს მიეძღვნა ორი დიდი პროექტი:  მეჩვიდმეტე საუკუნეში დაარსებულმა გამომცემლობამ ბრილმა გამოსცა უზარმაზარი მონოგრაფია. არც ერთ სხვა ქართველ მოაზროვნეს არ რგებია ასეთი პატივი -  ამხელა მონოგრაფიის მიძღვნა. მათ შეძლეს წარმოეჩინათ შალვა ნუცუბიძის მრავალმხრივი ღვაწლი, რომელიც შეეხება აღმოსავლური რენესანსის თეორიას, არეოპაგიტული კორპუსის კვლევას, რუსთველოლოგიას,  „ვეფხისტყაოსნის“ მისეულ თარგმანს  რუსულ ენაზე და სხვადასხვა მრავალმხრივ მოღვაწეობას. ამავე დროს,  თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი გამოსცემს ჟურნალს „ფილოსოფიურ-თოლოგიური მიმომხილველი“, რომელიც მთლიანად მივუძღვენით  შალვა ნუცუბიძეს,“- აღნიშნა  თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა დემურ ჯალაღონიამ.

Print

« იხ. ყველა სიახლე