ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-12-12

ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტის დელეგაცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტსა და ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმს თსუ რექტორის პირველმა მოადგილემ ლევან ალექსიძემ და ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ იერჟი იაროშევსკიმ მოაწერეს ხელი.
თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ირაკლი ბურდულის განცხადებით, „ოლშტინის უნივერსიტეტი პოლონეთში ერთ-ერთი ახალგაზრდა უნივერსიტეტია, მაგრამ საკმაოდ განვითარებადი. ჩვენს შორის აქამდეც არსებობდა გარკვეული სახის თანამშრომლობა, მაგრამ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამ ურთიერთობების განვრცობისა და გამყარების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენი სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები გაცვლით პროგრამებში ჩაერთვებიან, განხორციელდება საერთო კვლევები.“
„თსუ-სთან შედარებით ჩვენი უნივერსიტეტი ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა, აკადემიური ტრადიცია საკმაოდ ძველია. ჩვენს უნივერსიტეტში სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესურა კითხულობს ლექციებს. გაფორმებული მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს აქამდე არსებული კავშირები უფრო გავაფართოვოთ. „ერაზმუს მუნდუსის“ პროგრამა და სხვა გაცვლითი პროგრამები ჩვენს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ერთმანეთთან თანამშრომლობაში უწყობს ხელს,“- აღნიშნა ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ იერჟი იაროშევსკიმ.
ოლშტინის უნივერსიტეტის დელეგაცია, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის ხელმძღვანელობით, თსუ–ს 12 დეკემბერს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ოლშტინის უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრაციის ფაკულტეტის სამართლის ისტორიის დარგის პროფესორებიც.
პირველი შეხვედრა დელეგაციის წევრებმა თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკისა და სამართლის ისტორიის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან გამართეს.  შეხვედრის ფარგლებში სამართლის ისტორიის სპეციალისტებმა ერთმანეთს გააცნეს მათ მიერ უკვე განხორციელებული კვლევები და განიხილაეს ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები. თსუ–ის იურდიული ფაკულტეტის სამართლის ისტორიის მიმართულების პროფესორებისა და პოლონელი კოლეგების ორგანიზებით უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უკვე ჩატარდა სამი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სამართლის ისტორიის სფეროში, რომელთაგან ორი – საქართველოში, ხოლო ერთიც პოლონეთში გაიმართა; გარდა ამისა, დამუშავებულ იქნა და გამოიცა სამივე კონფერენციის სამეცნიერო მოხსენებების კრებულებიც.
თსუ–სა და ოლშტინის უნივერსიტეტს შორის შეთანხმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ორმხრივ გაცვლით პროგრამებსა და სხვადასხვა სფეროს სამეცნიერო–კვლევით ღონისძიებებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე