ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-05-14

ამერიკისმცოდნეობის მეთექვსმეტე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი ამერიკისმცოდნეობის მეთექვსმეტე ყოველწლიურ  საერთაშორისო კონფერენციის გახსნას დაესწრნენ. კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და ამერიკის სამოქალაქო ომის დასრულების 150-ე წლისთავს მიეძღვნა.    
„თსუ ამერიკანისტიკის მიმართულება უნივერსიტეტში ატარებს კონფერენციას, რომელიც ეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, მისი ისტორიის, სახელმწიფო მოწყობის სისტემის, ეკონომიკისა და მთავარი ღირებულებების შესწავლას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგანაც მეცნიერებს, სტუდენტებს აძლევს საშუალებას უკეთესად გაეცნონ თუ რას ნიშნავს ამერიკული ფასეულობები. ჩვენ ვაფასებთ ამ მიმართულების ღონისძიების ჩატარებას  ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-ს საელჩოსთან ერთად“,- განაცხადა თსუ რექტორმა, აკედემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გახლავთ დიდი მეგობარი თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის. დღეს ვესწრებით შესანიშნავ კონფერენციას, რომლის მთავარი თემაც გახლავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომი. სამოქალაქო ომის შედეგად ჩვენი ქვეყანა გამთლიანდა და აიკრძალა მონობა. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გაიარა სამოქალაქო ომის მორევში და რომელმაც ასეთი საშინელი გამოცდილება მიიღო. ვფიქრობ, საინტერესო კონფერენცია იქნება“, - აღნიშნა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.
კონფერენციის გახსნას ამერიკელი დიპლომატები, თსუ პროფესორები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ. კონფერენციაზე 130 მონაწილემ წაიკითხა მოხსენებები როგორც კონფერენციის მთავარი თემის, ასევე ამერიკის ისტორიის, პოლიტიკის, განათლების, რელიგიის, ლიტერატურის, ხელოვნების, ფილოსოფიის, მედიის, სამართლის, ეკონომიკის, სოციალურ და ქალთა საკითხების შესახებ.    
კონფერენციის მიზანია ამერიკის ისტორიის, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, კულტურის, ფილოსოფიის, ღირებულებების შესწავლა და ცოდნის გავრცელება, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის შესწავლა, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ამერიკის პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორების, სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება და ქართველ ამერიკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად, ამერიკელ კოლეგებთან.    
კონფერენციის 16 მაისსამდე  გასტანს.    

Print

« იხ. ყველა სიახლე