ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ედინბურგის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა დარიალის ხეობაში, თამარის ციხეზე უნიკალური არქეოლოგიური ნაშთები აღმოაჩინეს.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის ინფორმაციით, თამარის ციხეზე გათხრების შედეგად ნაპოვნია შუა საუკუნეების ნაშთები, 300 კილოგრამი კერამიკული ნიმუში, მათ შორის მინის ნაწარმი, სამკაულები, და ძვლისგან გამოთლილი დეკორატიული ნივთები, რომელიც ექსპედიციის დროებით ბაზაზე ინახება და შესასწავლად ოქსფორდის უნივერსიტეტში გაიგზავნება.
ამასთან, დარიალის ხეობაში თამარის ციხის გათხრებისას მოპოვებული ნახშირი ქართულ-შოტლანდიურმა ჯგუფმა უკვე გაგზავნა უცხოეთში. ნამწვის 5 თვიანი ლაბორატორიული კვლევის შედეგად არქეოლოგები ექსპედიციისათვის უმთავრეს შეკითხვაზე მიიღებენ პასუხს.
ერთობლივი საერთაშორისო პროექტის მიზანია ახალი წელთაღრიცხვის საწყისი საუკუნეების სასიმაგრო სისტემის შესწავლა და დარიალის ხეობაში სასანური იმპერიის ბოლო კარიბჭის არსებობის შესახებ ისტორიული ცნობების დადასტურება. ისტორიული წყაროების მიხედვით, 226-651 წლამდე სასანური იმპერიის შემადგენლობაში საქართველოც იყო. ამ წერილობითი ინფორმაციის არქეოლოგიურად დადასტურებაზე საერთაშორისო ექსპედიცია ზრუნავს და თამარის ციხეზე ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნის ნაშთებს იკვლევს.
ედინბურგის და ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივი არქეოლოგიური პროექტი 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება.