2010-03-04
,,ერთად გადავარჩინოთ მომავალი”
"სტუდენტები "იავნანას" მხარდასაჭერად", _ ამ ეგიდით 3 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელსაც ფონდის დამაარსებელი, ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანა" 2004 წელს დაარსდა. მოყოლებული 2004 წლიდან დღემდე გამართულ ღონისძიებებზე შემოსული თანხით მრავალი ბავშვი დაუბრუნდა მშობლიურ კერას. პაატა ბურჭულაძის მოწვევით მსოფლიოში ცნობილმა საოპერო ვარსკვლავებმა საქველმოქმედო აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და ქართულ ოჯახებს უანგაროდ დაეხმარნენ. ფონდი "იავნანა" უკვე ერთი წელია აგვისტოს ომის შედეგად დაობლებულ 130 ბავშვს ეხმარება.
შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ განაცხადა, რომ საქველმოქმედო ფონდის მიერ წამოწყებულმა არა ერთმა სასიკეთო ინიციატივამ გააერთიანა ქართული საზოგადოება, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც აქტიურად ჩაერთო.
"ამ ფონდის დაარსებით საქართველოში ქველმოქმედების კულტურა დამკვიდრდა. ჩვენი სტუდენტობა მზად არის პირველი გამოეხმაუროს ყველა სასიკეთო წამოწყებას და თავისი მცირე წვლილი შეიტანოს გაჭირვებული თანამემამულეების დასახმარებლად", _ აღნიშნა გიორგი ხუბუამ.
"მიხარია, რომ ქართველმა ხალხმა გაითავისა იმ ბავშვების პრობლემები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან. ხანდახან გვგონია, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა გააკეთებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ქველმოქმედება არ შეიძლება ერთჯერადი იყოს. რაც უფრო მეტს აკეთებ, ხვდები, რომ გასაკეთებელი უფრო მეტია", _ განაცხადა პაატა ბურჭულაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას.
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის გიორგი შამათავას ინფორმაციით, უნივერსიტეტში სემესტრულად საქველმოქმედო აქციები იმართება, რომლის შედეგად სტუდენტები ბავშვთა სახლებს და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ეხმარებიან. ეს ღონისძიებები კვლავაც გაგრძელდება და სტუდენტების როლი ამ კუთხით მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე