ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-05-31

თსუ–ში მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე აღინიშნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე აღინიშნა. მეორე კორპუსის ფოიეში სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი პიქტოგრამები გამოიფინა. სიტყვით გამოვიდნენ მოწვეული სტუმრები, დარიგდა ბუკლეტები და ფლაერები. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა,  საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების, პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. თსუ-ის რექტორმა გიორგი ხუბუამ მსგავსი პრევენციული ღონისძიებების სასწავლო დაწესებულებებში ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა და თამბაქოს კონტროლის ალიანსს მომავალში ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება შესთავაზა. განათლების მინისტრის მოადგილის ირინე ქურდაძის განცხადებით, "თამბაქოს საწინააღმდეგო ღონისძიებების მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე რეგულაციები საკმარისი არ არის. საჭიროა მსგავსი ღონისძიებების ფართოდ ჩატარება, განსაკუთრებით საჯარო სკოლებში"

2010 წელს თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის თემა არის გენდერი და თამბაქო. ონკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის რეზო გაგუას ინფორმაციით, თუ აქამდე ათ მწეველ მამაკაცზე ერთი მწეველი ქალი მოდიოდა, დღეს მწეველ ქალთა რაოდენობა გაუთანაბრდა მწეველ მამაკაცთა რაოდენობას. ხოლო ონკოდაავადებებს შორის სიკვდილიანობის მხრივ პირველ ადგილზე ფილტვის კიბოა. მეოცე საუკუნეში  თამბაქოს წევით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 მილიონი ადამიანი იყო. თუ ტენდენცია ასე გაგრძელდა,  ოცდამეერთე საუკუნეში სიკვდილიანობის დონე 1 მილიარდ  ადამიანს მიაღწევს. პარლამენტის ვიცე სპიკერმა გიგი წერეთელმა ახალგაზრდებს თამბაქოსგან დროულად თავის დანებებისკენ მოუწოდა.

ღონისძიებაზე თამბაქოსაგან თავისუფალი რამოდენიმე სკოლა დაჯილდოვდა. საპატიო სიგელები გადაეცათ იტალიური სკოლის "ცისკრის," სკოლა "სარკმლის", 136-ე, 158-ე, 64-ე და 26-ე საჯარო სკოლების წარმომადგენლებს.

ქალთა შორის თამბაქოს ეპიდემიის კონტროლი თამბაქოს კონტროლის სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ჯანმოს რეკომენდაციით, აუცილებელია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის წევრ, დაახლოებით 170 სახელმწიფოში სრულად აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის ნებისმიერი სახის რეკლამა, პრომოცია და სპონსორობა. ქალები თამბაქოს ინდუსტრიისათვის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენენ. ისინი შეადგენენ მსოფლიოს 1 მილიარდი მწეველის დაახლოებით 20%. სწორედ ამიტომ თამბაქოს ინდუსტრიის ბოლოდროინდელი მარკეტინგული სტრატეგია გათვლილია ქალებზე. ისინი მიზნად ისახავენ ახალი მომხმარებლების ჩათრევას, რომლებმაც უნდა ჩაანაცვლონ ნაადრევად გარდაცვლილი ძველი მწეველები. განსაკუთრებით საგანგაშოა მწეველობის ზრდა ახალგაზრდა გოგონებში. ჯანმოს ახალ კვლევაში აღნიშნულია, რომ თამბაქოს რეკლამების სამიზნეს სწორედ გოგონები წარმოადგენს. ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია აღიარებს, რომ აუცილებელია გენდერული ასპექტების გათვალისწინება თამბაქოს კონტროლის სტრატეგიის შემუშავებისას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღე 1987 წელს დააწესა, რათა ამით მსოფლიო საზოგადოების  ყურადღება თამბაქოს ეპიდემიისთვის მიექცია. მსოფლიო დღე მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას თამბაქოს მოხმარების რისკებისა და თამბაქოს კომპანიების საზიანო ქმედებების შესახებ, ასევე იმ ღონისძიებების შესახებ, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თამბაქოს ეპიდემიის დასაძლევად ატარებს.

2010 წლის თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეს და მომდევნო წლის განმავლობაში ჯანმო სათანადო რეკომენდაციებს მისცემს ქვეყნებს, რომ მათ აქტიური ღონისძიებები გაატარონ თამბაქოს ეპიდემიის კონტროლის მიმართულებით. თამბაქოს მოხმარებამ მიმდინარე საუკუნის განმავლობაში შესაძლოა 1 მილიარდი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს. ამიტომ, აუცილებელია გადამჭრელი ზომების მიღება თამბაქოს კონტროლის მიმართულებით.

მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე მთავარი დევიზით აღინიშნა - კონტროლის ალიანსი და სტუდენტობა მოუწოდებს მთავრობას აკრძალოს თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამა, პრომოცია და სპონსორობა.




თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე