ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-21

კონფერენცია „სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვის და ბიოეთიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საქართველოს ექიმთა ასოციაციამ ერთობლივი კონფერენცია „სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვის და ბიოეთიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გამართა.
კონფერენციაზე თსუ მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით  ეთიკური საბჭო დაფუძნდა. თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორის, ეთიკური კვლევების საბჭოს თავმჯდომარის გიორგი ლობჟანიძის განცხადებით, „ეთიკური კვლევების საბჭო არ იქნება მხოლოდ შიდა რეგულაციის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება“.
საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირების პრეზიდენტის, პროფესორ ირაკლი ამირანაშვილის თქმით, „მედიცინის მუშაკთა  უფლებები დღევანდელ დღეს მართალია ხშირად და უხეშად არ ირღვევა, მაგრამ აღინიშნება რიგი შემთხვევები, რაზეც  ჩვენი პროფკავშირების 6000-მდე წევრი საქართველოს მასშტაბით ყოველთვის არინ ჩართულნი და გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები. თუმცა ჩვენი სურვილია  მედმუშაკების დაცვაში  იურისტებიც აქტიურად ჩაერთონ“.
კონფერენციაზე განიხილეს სამედიცინო სფეროს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვა, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, მედიცინის პროფკავშირების როლი, საპატრიარქოს მოსაზრებები, ფარმაცევტული ბაზრის ეთიკური ასპექტები, ბიოსამედიცინო კვლევა და სხვა.
ღონისძიებაზე დარგის სპეციალისტებმა წარმოადგინეს მოხსენებები საქართველოში არსებული ვითარებაზე. ასევე გაიმართა დისკუსია ამ მიმართულებების განვითარებასა და საკანონმდებლო ინიცატივებზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე