ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-09-27

II საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში გაიხსნა საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი, რომელშიც ქართველებთან ერთად უცხოელი მეცნიერებიც მონაწილეობენ. კონგრესზე ფართოდაა წარმოდგენილი ქართველოლოგიის ყველა ძირითადი მიმართულება (ქართული ენა, ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ქართული ხელოვნების ისტორია). ღონისძიებაზე იმუშვებს ენათმეცნიერების, ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და რელიგიის, საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის, ლიტერატურისა და ხელოვნების სექციები.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „ქართველოლოგიურ კონგრესზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საქართველოს თემატიკაზე, ვინც ფიქრობს საქართველოზე და უყვარს საქართველო. მნიშვნელოვანია, რომ კონგრესი თსუ 100 წლის იუბილეს ეძღვნება. შესაბამისად, მეცნიერებათა აკადემიაში დაწყებული ღონისძიება თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდება. ქართველ და უცხოელ მეცნიერებს საშუალება აქვთ კონგრესზე წარმოადგინონ საკუთარი კვლევები, გაეცნონ ქართველოლოგიის სფეროში არსებულ სიახლეებს.“

კონგრესზე ქართველ კოლეგებთან ერთად მოხსენებით წარსდგებიან აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, შვედეთის, სლოვაკეთის, რუსეთის ფედერაციის, იაპონიის, ისრაელის, აზერბაიჯანის წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებების სწავლულები. ფორუმი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის მეტნაკლებად სრულ წარმოდგენას იძლევა სამამულო და  საზღვაგარეთული ქართველოლოგიის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.

„ძალიან საინტერესო კონგრესია. მისმა პროგრამამ ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. აქ არიან უცხოელი კოლეგები, ძველი მეგობრები.  ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან ეს არის შეხვედრის ადგილი იმ მკვლევრებისა, ვინც ქართველოლოგიის  სხვადასხვა სფეროში მუშაობს,“- აღნიშნა მალმოს (შვედეთი) უნივერსიტეტის წარმომადგენელმა კარინა ვამლინგმა

კონგრესი ორგანიზატორები თსუ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არიან.
    

Print

« იხ. ყველა სიახლე