ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) შესარჩევი კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.
19 ივლისს, აკადემიური საბჭოს მიერ უნივერსიტეტის კანცლერის შერჩევის პროცედურა უშედეგოდ დასრულდა, რადგან სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა მიიღო.
პირველ ტურში დარჩენილი ოთხი კანდიდატიდან ორმა -
ნუნუ ოვსიანიკოვამ და
შოთა ჭანტურიძემ კენჭისყრისას 18-18 ხმა დააგროვეს. ხმათა თანაფარდობა არ შეცვლილა მეორე ტურზეც. აქედან გამომდინარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის კონკურსის ხელახლა გამოცხადებაზე აკადემიური საბჭო უახლოეს პერიოდში იმსჯელებს.
თსუ კანცლერის თანამდებობის დასაკავებლად წარმოდგენილი იყო ექვსი კანდიდატურა. თსუ აკადემიურ საბჭოს წევრებთან კანდიდატთა გასაუბრება 18-19 ივლისს გაიმართა. წარმოდგენილი ექვსი კანდიდატიდან
ვახტანგ ანთიამ,
ნუნუ ოვსიანიკოვამ,
ალექსანდრე ჩხიტაურმა და
შოთა ჭანტურიძემ აკადემიურ საბჭოს წარუდგინეს საკუთარი კონცეფცია და სამოქმედო გეგმა. ორმა კანდიდატმა
არჩილ კუკულავამ და
იოსებ მასურაშვილმა კონკურსიდან მოხსნეს კანდიდატურა.