ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-06-01

„აუდიტორია 115“-მა კომისიას თვითნებურად დაკავებული ოთახების ინვენტარიზაციის საშუალება არ მისცა

”აუდიტორია 115-ის“ წევრებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მუდმივმოქმედ საინვენტარიზაციო კომისიას თვითნებურად დაკავებული ოთახებისა და იქ განთავსებული მატერიალური ქონების ინვენტარიზაციის საშუალება არ მისცეს.
თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის  ბრძანებით 213-ე და 303-ე ოთახების ინვენტარიზაცია 31 მაისიდან არაუგვიანეს 10 ივნისისა უნდა განხორციელდეს. ”აუდიტორია 115-ის“ წევრებმა ინვენტარიზაციის პროცესს 31 მაისსაც შეუშალეს ხელი. 1 ივნისს კომისიამ 303-ე ოთახის პირველადი აღწერა ჩაატარა და დალუქა შემდგომი ინვენტარიზაციის მიზნით. რაც შეეხება 213-ე ოთახს, „აუდიტორია 115“-ის წევრებმა თსუ ადმინისტრაციის საინვენტარიზაციო კომისიას მისი ინვენტარიზაციისა და დალუქვის საშუალება არ მისცეს. სტუდენტების განცხადებით, დადგენილი, სავალდებულო წესის მიუხედავად,  კომისიას ინვენტარიზაციისთვის აუდიტორიის დალუქვის საშუალებას  არ მისცემენ. საინვენტარიზაციო კომისიამ შესაბამისი ოქმი შეადგინა.
„აუდიტორია 115-ის“ წარმომადგენლებმა თსუ სტუდენტური თვითმმართველობის სამუშაო ოთახები (213-ე და 303-ე) 25 მაისს თვითნებურად დაიკავეს. ამ აქციას წინ უძღვოდა 24 მაისს სტუდენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აღნიშნული ფაქტის მოკვლევის და შესაბამისი მასალების მიწოდების თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა. პარალელურად უნივერსიტეტში ჩატარდა შიდა მოკვლევა, მოკვლეული მასალა და დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ვიდეოკამერებიდან ამოღებული ინციდენტის ამსახველი კადრები რეაგირებისთვის ფაკულტეტების საბჭოებს გადაეცა.
Print

« იხ. ყველა სიახლე