ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-03-05

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას თსუ რექტორმა,  აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ რუხაძემ მოაწერეს ხელი.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „თსუ ტრადიციულად პროფესიონალ ჟურნალისტებს ამზადებს. მემორანდუმის თანახმად, ჩვენი ჟურნალისტიკის მიმართულების კურსდამთავრებულები იმ ელემენტარულ ნორმებს გაითავისებენ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს ჟურნალისტმა; ეს გახდება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი, რათა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩვენი სტუდენტები უფრო კარგად მომზადებულები შეხვდნენ იმ პასუხისმგებლობას, რასაც ჟურნალისტიკა გულისხმობს.“
„ამ მემორანდუმის თანახმად მომავალ ჟურნალისტებს უკვე უნივერსიტეტში სწავლისას გაუჩნდებათ იმის შეგრძნება, თუ რას ნიშნავს ის ვალდებულებები, რომელსაც მისი მომავალი პროფესია მოითხოვს, ანუ უფრო ადრე გაიაზრონ, თუ რას ნიშნავს ჟურნალისტიკა,“- აღნიშნა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ რუხაძემ.
მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას გაიღრმავებენ. მომავალ ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქარტიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, მიიღონ ნებისმიერი კონსულტაცია და დახმარება ქარტიის მანდატისა და უფლებამოსილების ფარგლებში.
უნივერსიტეტი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და  ქარტიის თანამშრომლობას, შეხვედრებს, დისკუსიებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე