2012-09-10

საერთაშორისო კონფერენცია „მდგრადი აგროტურიზმი“

     7 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „მდგრადი აგროტურიზმი“ გაიმართა. ღონისძიება თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა გახსნა.
კონფერენციაში 30 ქართველ სტუდენტთან ერთად, ლონდონის ეკონომიკის სკოლის, შვეიცარიის სტ. გალენის უნივერსიტეტის, ბარსელონის ESADA ბიზნეს სკოლის, პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტის, ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის, ბეირუთის უნივერსიტეტის, ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, კრაკოვის პედაგოგიური უნივერსიტეტის, ისლანდიის უნივერსიტეტის, ვარშავის ეკონომიკის სკოლისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების 40-მდე უცხოელი სტუდენტი იღებს მონაწილეობას.
      თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ „კონფერენციის ფარგლებში განხილული თემები დღეს აქტუალურია და საქართველოში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.“
სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ლექციები აგროტურიზმის, ეკოტურიზმის, ბიომეურნეობების, დაცული ტერიტორიების შესახებ. სტუდენტები თითოეულ თემასთან დაკავშირებით პრაქტიკული სამუშაოებისა და დისკუსიების მსვლელობისას შეძლებენ საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას.
 Oikos International-ის პრეზიდენტის დევიდ ვრობლიავსკის თქმით, კონფერენცია აერთიანებს  სტუდენტურ  ჯგუფებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებიდან:  „ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი ყურადღება ეთმობა მსგავს ღონისძიებებს, ვინაიდან სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა  წარმოადგენენ მოხსენებები საკუთარ ქვეყნებში  აგროტურიზმის განვითარების შესახებ და გაცვალონ ინფორმაცია“.
     Oikos Tbilisi-ის პრეზიდენტის, ლევან ფანგანის განცხადებით, კონფერენციის ფარგლებში  არა მხოლოდ აკადემიური სახის ღონისძიებები იგეგმება; მოეწყობა გასვლითი ტურები, რათა კონფერენციის მონაწილეებმა უფრო კარგად გაიცნონ საქართველოში არსებული სიტუაცია ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის  მიმართულებით და დაადგინონ  მისი მომავალი პერსპექტივები.
     
კონფერენცია სტუდენტური ორგანიზაციის Oikos Tbilisi-ს  ინიციატივით და Oikos International-ისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მხარდაჭერით ტარდება.




Print

« იხ. ყველა სიახლე