2015-12-11

პროფესორ ნუგზარ ალექსიძის 80 წლის იუბილე

პროფესორ ნუგზარ ალექსიძეს 80 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა ბუკლეტი, რომელიც ნუგზარ ალექსიძის სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ასახავს.

ნუგზარ ალექსიძე დაიბადა ქ. სენაკში 1935 წელს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს. 1973-2007წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის კათედრის გამგე; 2000 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინისა და ბიოლოგიის სპეციალობების სამეცნიერო და სასწავლო საქმიანობების კოორდინაციის კონსულტანტი; 1999 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე; გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 8 სახელმძღვანელო, 4 მეთოდური მითითება და მონოგრაფიები. არის 18 გამოგონების ავტორი. შეყვანილია მსოფლიოს 500 გამოჩენილ მეცნიერთა სიაში. 1979 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება სადოქტორო დისერტაციის თემა-"თავის ტვინის ინტეგრალური მოქმედების მოლეკულური და უჯრედული მექანიზმები" დაიცვა 1978 წელს. არის მრავალი ორგანიზაციის და ასოციაციის წევრი. მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2007 - საქართველოს საპატრიარქოს სიგელი, 2005 - ABI, წლის ადამიანი, 2002 - აკად. პეტრე ქომეთიანის სახელობის პრემია, 1999 - კემბრიჯის ინტერნაციონალური ბიოგრაფიული ცენტრი, საუკუნის ადამიანი, 1997 - თსუ სახელმწიფო სამეცნიერო პრემია, 1997 - ABI , წლის ადამიანი, 1996 - ღირსების ორდენი, 1995 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი, 1990 - შრომის ვეტერნის მედალი, 1984 - ა. პალადინის სახელობის მედალი, 1984 - ევროპის ბიოქიმიკოსთა საზოგადოების ფედერაციის მედალი, 1976 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი. მის მიერ გამოცებულია სასწავლო სახელმძღვანელოები: ზოგადი ბიოქიმიის საფუძვლები, ეკოლოგიური ბიოქიმიის საფუძვლები,  ეკოლოგიური კატასტროფები, ნეიროქიმიის საფუძვლები, მეხსიერების ბიოქიმიური მექანიზმების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესორ ნუგზარ ალექსიძეს 80 წელი შეუსრულდა, იგი კვლავ ნაყოფიერად აგრძელებს სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მან მრავალი სამეცნიერო სტატია, სახელმძღვანელო და მონოგრაფია გამოაქვეყნა.




Print

« იხ. ყველა სიახლე