2016-03-01

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორია თსუ-ში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში ქენ ვოშმა,  ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ თსუ-ში გარემონტებული აუდიტორიები და ლაბორატორიები დაათვალიერეს. 

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას თქმით, „უნივერსიტეტში უკვე არსებობს ქიმიის ახალი ლაბორატორია, რომელიც სან დიეგოს უნივერსიტეტთან ერთობლiვი პროექტის ფარგლებში გარემონტდა. აპარატურის დიდი ნაწილი უკვე განთავსებულია, მაგრამ მთავარი კიდევ უნდა დამონტაჟდეს. იქნება სრულიად ახალი ლაბორატორია, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს უმაღლესი დონის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ და მაღალი დონის სამეცნიერო კვლევა ჩაატარონ.“ 

„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენს უნივერსიტეტებში უკვე  მეორედ მიიღებს სტუდენტებს. მათ დახვდებათ თანამედროვე აღჭურვილობა, ლაბორატორია და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. აუცილებელია, რომ სწავლა და კვლევა ზუსტად ისევე განხორიციელდეს, როგორც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. თსუ-ში ერთ-ერთი ლაბორატორია უკვე დასრულებულია, ქიმიის ლაბორატორია კი ძალიან მალე დასრულდება. იგივე პროცესები უკვე მიმდინარეობს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც და წელსვე ილიას უნივერსიტეტში დაიწყება იმ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სადაც უნდა განთავსდეს ლაბორატორიები. ის მიზანი, რომელიც დავისახეთ, რომ ამ უმაღლესი განათლების კომპონენტში მომხდარიყო ინსტიტუციური და ტექნიკური  გაძლიერება,  მიდის გეგმაზომიერად“,- განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

„თსუ-ში იქნება ქიმიის ერთ-ერთი ლაბორატორია იმ ლაბორატორიათა შორის,  რომლებიც საქართველოში შენდება. სამუშაოები ამ ლაბორატორიაში სან დიეგოსა და თსუ-ს შორის ინსფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რაც შესაძლებობას მისცემს სტუდენტებს ამერიკული სტანდარტების მსგავსი განათლება მიიღონ. ჩვენ გვყავს სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ელქტრონულ და კომპიუტერულ ინჟინერიას, ისევე როგორც ქიმიას. ჩვენი მიზანია ტექნიკურ ინდუსტრიის ლიდერები გავხდეთ,“- აღნიშნა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში ქენ ვოშმა.

Print

« იხ. ყველა სიახლე