2012-11-06
6 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრმა გამართა საერთაშორისო კონფერენცია
„მედიაციის განვითარების თანამედროვე პერსპექტივები“.
ღონისძიება თსუ, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCL), კორპორაცია ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" (EWMI) და მისი პროგრამის ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში” (JILEP) საერთო ინიციატივისა და მათ შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ჩატარდა.
თსუ რექტორის
ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით,
„თსუ-ში არსებული დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრი ხელს უწყობს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების განხორციელებას. ცენტრის მიზანია არბიტრაჟისა და სამედიაციო ურთიერთობების განვითარება საქართველოში. ღონისძიებაზე რამდენიმე უცხოელი ექსპერტია მოწვეული, რომლებიც ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. კონფერენცია ხელს შეუწყობს შესაბამისი ურთიერთობების დამყარებას უცხოელ სპეციალისტებთან. შეხვედრას პრაქტიკული შედეგი ექნება და მიღებული ცოდნა დაინერგება ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში.“
კონფერენციის მიზანი იყო საქართველოში მედიაციის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების ხელშეწყობა. მედიაცია საშუალებას აძლევს დაპირისპირებულ მხარეებს შუამავლების მეშვეობით, კეთილგანწყობილ გარემოში მოაგვარონ დავები, რაც ბიზნესს დროსა და თანხებს დაუზოგავს და კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამეწარმეო გარემოს.
კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს მედიაციის სფეროში აღიარებულმა პროფესორებმა და პრაქტიკოსებმა: ტოდ ნიკოლმა (პეპერდაინის
სამართლის სკოლა, სტრაუსის დავის გადაწყვეტის ცენტრი, აშშ), ალეს ზალარმა (დავის გადაწყვეტის ევროპული ცენტრი, სლოვენიის ყოფილი იუსტიციის მინისტრი, სლოვენია), სტეფანი ბელიმ (პეპერდაინის სამართლის სკოლა, სტრაუსის დავის გადაწყვეტის ცენტრი, აშშ), კრისტოფ ბერლინიმ (ოქსპორდის უნივერსიტეტი, ჰუმბოლტის უნივერსიტეტი, გერმანია), ჰარტმუტ კანვიშერმა (კაიზერსლაუტერნის უნივერსიტეტი, გერმანია), მიქაელ ცურიმ (მედიაციისა და დავის გადაწყვეტის იერუსალიმის ცენტრი, ჰებრეუს უნივერსიტეტი, ისრაელი), კიმბერლი კოვაკმა (სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლა, ფრანკ ევანსის დავების გადაწყვეტის ცენტრი, აშშ), ელიზაბეტ დენისმა (სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლა, აშშ).
საქართველოში მედიაციის პროცესის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ისაუბრა სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის წარმომადგენელმა
კიმბერლი კოვაკმა:
„კონფერენციაზე განსახილველი საკითხი საქართველოში მედიაციის ცენტრის მუშაობას ეხება, რაც არბიტრაჟის მეშვეობით კონფლიქტების მოგვარებას გულისხმობს. ღონისძიებაზე სწორედ ის დეტალები განიხილება, რაც მნიშვნელოვანია მედიაციის პროცესისთვის.“ “
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) ერთად საერთაშორისო კონფერენციის მხარდაჭერა განახორციელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ).
« იხ. ყველა სიახლე