2015-05-28

ხელშეკრულება თსუ-სა და ევროპის ლექსიკოგრაფიულ ასოციაციას შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას 2016 წლის 6 - 10 სექტემბერს ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის (EURALEX) მე-17 საერთაშორისო კონგრესის თსუ-ში  ჩატარების შესახებ.    
ღონისძიებისთვის უნივერსიტეტს ეწვივნენ ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის პრეზიდენტი, დოქტორი ლარს ტრაპ-იენსენი (დანიური ენის ინსტიტუტი, კოპენჰაგენი) და დოქტორი ანდრეა აბელი (ევროპული აკადემია, ბოლზანო, იტალია).
თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრის ხელმძღვანელის თინათინ მარგალიტაძის განცხადებით,  „მნიშვნელოვანია, რომ ეს კონგრესი ჩატარდება საქართველოში. ეს არის ძალიან მაღალი აკადემიური დონის ღონისძიება. ევროპელი ლექსიკოგრაფების აქ ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ საფუძველი ჩაეყრება თანამშრომლობას, ახალი პროექტების ინიცირება მოხდება და თვითონ დარგის პოპილარიზაციას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ასეთი დიდი და მასშტაბური ღონისძიების ჩატარება ძალიან დიდ სტიმულს მისცემს ლექსიკოგრაფიის განვითარებას.“
„ეს დოკუმენტი არის ფორმალური თანხმობა იმისა, რომ ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი გაიმართება თსუ-ში. ეს არის რიგით მე-17  კონფერენცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელ ლექსიკოგრაფებს უყრის თავს. ჩვენ მოვიარეთ მთელი ევროპა და ვფიქრობ, კონფერენციის ჩატარება ევროპის რუკის  ახალ კუთხეში - საქართველოში, ნამდვილად კარგი გამოცდილება იქნება მონაწილეებისთვის,“- აღნიშნა ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის პრეზიდენტმა, დოქტორმა ლარს ტრაპ-იენსენმა.
ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის  კონგრესზე იკრიბებიან პროფესიონალი ლექსიკოგრაფები, გამომცემლები, მკვლევრები, პროგრამისტები და ზოგადად ლექსიკოგრაფიით დაინტერესებული პირები.    
პროგრამა მოიცავს საჯარო ლექციებსა და სექციურ სხდომებს სხვადასხვა თემაზე, კომპიუტერული პროგრამების პრეზენტაციას, დისკუსიას მრგვალ მაგიდასთან,  სპეციალიზებულ სემინარებს კონგრესის წინა  პერიოდში, წიგნებისა და კომპიუტერული პროგრამების გამოფენას და აგრეთვე კულტურულ პროგრამას მონაწილეთათვის და მათი სტუმრებისათვის.
კონგრესის დევიზია: ლექსიკოგრაფია და ლინგვისტური მრავალფეროვნება.    


Print

« იხ. ყველა სიახლე