ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-08-16

ერთა ხმა 2011

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 28 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში, ტრადიციული ხელოვნებისა და ფოლკლორის სტუდენტური ფესტივალი სახელწოდებით „ერთა ხმა“ გაიმართა. პირველი საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში საქართველოს მსოფლიოს 10 ქვეყნის ახალგაზრდული ფოლკლორული ანსამბლების 300 წარმომადგენელი ეწვია. თითოეულმა დელეგაციამ თავისი ქვეყნის ფოლკლორი წარმოადგინა.
ფესტივალის საზეიმო გახსნის ცერემონია ქალაქ ბათუმში შედგა. ფესტივალის მონაწილეებმა ბათუმის ცენტრალურ გამზირზე მუსიკის ფონზე მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობის შემდეგ ფესტივალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფოლკლორულმა ანსამბლმა გახსნა. მაყურებლების წინაშე ბელორუსიის, მაკედონიის, კვიპროსის, სომხეთის, თურქეთის , ბულგარეთის, პოლონეთის, სამხრეთ კორეის და იტალიის ახალგაზრდული ანსამბლებიც წარსდგნენ. ფესტივალის ფარგლებში კონცერტები ზუგდიდსა და ქუთაისშიც გაიმართა. ფესტივალის მონაწილეები ანაკლიის ბანაკშიც იმყოფებოდნენ და ქართველ ახალგაზრდებთან ერთად დაისვენეს.
სტუდენტური ფესტივალის მიზანია ქართული ხალხური ფოლკლორისა და კულტურის წარმოჩენა და პოპულარიზება ახალგაზრდებში, ასევე ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა ხელოვნების ყველა დარგში.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით უკვე მესამე წელია ეს საინტერესო პროექტი ხორციელდება. წელს პროექტი გაფართოვდა, წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნები, დაწყებული კორეიდან დამთავრებული იტალიით. ვფიქრობ ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვიდა, ახალგაზრდები უნდა გაეცნონ მსოფლიო კულტურას“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
ტრადიციული ხელოვნებისა და ფოლკლორის საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი „ერთა ხმა“ საქართველოში პირველად გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორები ორი წლის განმავლობაში ანალოგიურ პროექტს საქართველოს მასშტაბით ახორციელებდნენ. უნივერსიტეტთაშორისი ფესტივალი „ერის ხმა“ 2009 წელს ქალაქ თბილისში, ხოლო 2010 წელს ქალაქ ბათუმში გაიმართა.
ტრადიციული სტუდენტური ფესტივალი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით
და ფოლკლორის საერთაშორისო ფედერაციის ხელშეწყობითა ხორციელდება.
„ვფიქრობ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართველები გაეცნონ უცხოურ ფოლკლორს და ასევე უცხოელები გაეცნონ ქართულ ტურისტულ პოტენციალს, შეიტყონ უფრო მეტი საქართველოს რეგიონებისა და იქ მიმდინარე ახალგაზრდული ცხოვრების შესახებ, – აღნიშნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მეგრელიშვილმა.



Print

« იხ. ყველა სიახლე