2018-03-16

ბაქარ გიგინეიშვილის დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში ქართველი მეცნიერის ბაქარ გიგინეიშვილის დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები დაესწრნენ. თსუ რექტორმა ისაუბრა ბაქარ გიგინეიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობაზე, მონოგრაფიებზე, რომელიც დღესაც აქტუალურია. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ „შვიდ ევროპულ დედაქალაქში დაარსდება ქართვეოლოგიური ცენტრები, სადაც ჩვენ პოსტ დოქტორანტებს საშუალება ექნებათ აწარმოონ კვლევები, ხოლო ლექტორები შეძლებენ ლექციების ჩატარებას“.

ბაქარ გიგინეიშვილი 1992-97 წლებში თსუ ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის გამგის მოვალეობას ასრულებდა, მისი ძირითადი შრომები ეხება ქართველურ ენათა შედარებით ენათმეცნიერებასა და ეტიმოლოგიას, კავკასიურ ენათმეცნიერებას, ძველ ქართულ ენას; იგი ავტორია მონოგრაფიისა: "დაღესტნური ენების შედარებითი ფონეტიკა"; ერთ-ერთი გამომცემელია X საუკუნის უმნიშვნელოვანესი ძეგლების -"შატბერდის კრებულისა" და ბიბლიის ძველი ქართული თარგმანებისა.

თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი შეიქმნა 2006 წელს ზოგადი ენათმეცნიერებისა (დაარსდა 1918 წელს) და სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის (დაარსდა 1964 წელს) კათედრების ბაზაზე. თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტს აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე ხელმძღვანელობს.

ზოგადი ენათმეცნიერების კათედრას დაარსებიდანვე თითქმის ნახევარი საუკუნე ხელმძღვანელობდა ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი აკად. გიორგი ახვლედიანი. მან წაიკითხა პირველი საუნივერსიტეტო კურსი და გამოაქვეყნა შესაბამისი სახელმძღვანელო – „ენათმეცნიერების შესავალი“ (1918-19 წწ.). გიორგი ახვლედიანი აკაკი შანიძესა და იოსებ ყიფშიძესთან ერთად არის ქართული ენათმეცნიერების ფუძემდებელი.იგი თავის შრომებში აყალიბებს ენის ბგერითი სისტემის შესწავლის ახალ პრინციპებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ არა მარტო ქართველოლოგიისათვის, არამედ საერთაშორისო ენათმეცნიერებისათვის ზოგადთეორიული თვალსაზრისით.

ქართველური ენათმეცნიერების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი უკავშირდება თამაზ გამყრელიძისა და გივი მაჭავარიანის შექმნილ მონოგრაფიას – „სონანატთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“. ეს ნაშრომი წარმოადგენს ქართველური ენების შესწავლის პრინციპულად ახალ კონცეფციას და ქართველოლოგიის ღირსშესანიშნავ შენაძენს XX საუკუნის 60-იან წლებში; ხოლო თამაზ გამყრელიძის ვიაჩესლავ ივანოვთან თანაავტორობით შექმნილი ორტომეული მონოგრაფია „ინდოევროპული და ინდოევროპელები“ მსოფლიო მნიშვნელობის გამოკვლევად იქცა.


Print

« იხ. ყველა სიახლე