2016-04-11

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი სტუდენტებს შეხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში, პროფესორი ვონ ტურეკიანი სტუდენტებს შეხვედა.  ღონისძიებას სან დიეგოს სახემწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, აშშ-ის საელჩოს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროფესორმა ტურეკიანმა  თემაზე „კავშირი მეცნიერებას, ინოვიაციასა და ბიზნესს შორის“ ისაუბრა, შემდეგ კი სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. „მოხარული ვარ, რომ  ვიმყოფები საქართველოში და იმ სტუდენტებთან შეხვედრის არაჩვეულებრივი საშუალება მომეცა, რომლებმაც ახლახანს დაიწყეს თავიანთი  კარიერა მეცნიერებასა და საინჟინრო სფეროში. არსებობს უამრავი სფერო, რომელშიც სახელმწიფო ინვესტიციებს დებს სამომავლოდ ბიზნესის, მეწარმეობის, ახალი ტექნოლოგიების, სამეცნიერო სფეროს განვითარებისთვის. სწორედ მოტივირებული სტუდენტები ქმნიან  კავშირს სან დიეგოს უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, მათი ურთიერთობის ძირითადი ნაწილი კი  დაკავშირებულია გლობალურ სამეცნიერო საზოგადოებასთან“,-განაცხადა პროფესორმა ვონ ტურეკიანმა.
„უნივერსიტეტს ეწვია ისეთი პიროვნება, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოზიცია უკავია მეცნიერებასა და ტექნოლოგიების დარგში. ის არის ძალიან გათვიცნობიერებული პიროვნება დიპლომატიური კავშირების მხრივაც. ამგვარი შეხვედრები უნივერსიტეტისთვის და ზოგადად ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის ძალიან საჭიროა. მან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა და განსაკუთრებით იმედის მომცემია ის პროგრამა, რომელიც თსუ-სა და სან დიეგოს უნივერსიტეტს შორის არსებობს, და რომელიც გარკვეულ კავშირს გაამყარებს ჩვენსა და დასავლეთ სამეცნიერო საზოგადოებას შორის“-აღნიშნა თსუ რექტორის მოაგილემ იოსებ სალუქვაძემ.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის კენ ვოლშის თქმით, „დღეს საშუალება მოგვეცა მოგვესმინა იმ უამრავი კავშირების შესახებ, რამაც შეიძლება განავათაროს მეცნიერებასა და ინჟინერიას შორის ურთიერთობები. გარდა ამისა, სტუდენტებს შესანიშნავი საშუალება ჰქონდათ, შეხვედროდნენ აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენელს.  მსგავსი პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს მთავრობას შორის ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და მეცნიერების როლის გაზრდას ინჟინერიის მიმართულებით“.
„გვიხარია, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გვაქვს შესაძლებლობა დავესწროთ  წარმატებული ადამიანების ლექციებს და დავუსვათ მათ კითხვები ჩვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით“-განაცხადა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ანი შალამბერიძემ.
პროფესორი ტურეკიანი სახელმწიფო მდივნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მრჩევლის თანამდებობაზე 2015 წლის სექტემბერში დაინიშნა. მას დიდი გამოცდილება აქვს როგორც პრაქტიკულ მეცნიერებაში (ატმოსფერული ქიმია), ასევე სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავებაში. პროფესორი ტურეკიანის გამოცდილება ხელს უწყობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინჟინერიის, როგორც ამერიკული დიპლომატიის მნიშვნელოვანი კომპონენტის გაძლიერებას.
 

Print

« იხ. ყველა სიახლე