2014-11-03

რეგიონული კონფერენცია „ადამიანური რესურსების განვითარება ადგილობრივ თვითმმართველობაში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული კონფერენცია „ადამიანური რესურსების განვითარება ადგილობრივ თვითმმართველობაში“ გაიხსნა.
კონფერენცია თსუ  ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა.
„ადამიანური რესურსების განვითარება  ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ თვითმმართველობებს გაუჩნდებათ ახალი პერსპექტივები თავიანთი მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით. დღევანდელი კონფერენცია სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებული მოხელეების განვითარებას შეუწყობს ხელს და მუნიციპალიტეტებს დაეხმარება ადამიანური რესურსების კოორდინაციასა და ხარისხის უზრუნველყოფაში“, - აღნიშნა თსუ პროფესორმა ირაკლი კობახიძემ.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ბევრი რეფორმა ეხება ადგილობრივ თვიმმართველობებს და სწორედ ამიტომ, ეს ორდღიანი კონფერენცია მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. როგორც რეგიონული კონფერენცია, ჩვენ გვყავს მონაწილეები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან, რომლებიც წარმოადგენენ მოხსენებებს ადამიანური რესურსების განვითარების თვალსაზრისით, ისინი კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას ამ დარგში რეფორმებისა და ახალი სტრატეგიების შესახებ და რაც ხელს შეუწყობს ადამიანური რესურსების განვითარებას."-განაცხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენელმა საშა კუნიმ.
კონფერენციას  გერმანელი ექსპერტები, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუმრები, თსუ-სა და  საქართველოს სხვა უნივერსიტეტების აკადემიური წრეების წარმომადგენლები,  ასევე საქართველოს რამდენიმე რეგიონის თვითმმართველობის წევრები დაესწრნენ.

Print

« იხ. ყველა სიახლე