2014-07-11

„თსუ გორდელას“ სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გოგონათა ეთნო არტ ჯგუფმა „თსუ გორდელამ“ პირველი ალბომი გამოუშვა. მასში თორმეტი სიმღერაა შესული, რომელიც ხმის ჩამწერ სტუდი „ბრავო რექორდსში“ ჩაიწერა.
„ბრავო რექორდსში“ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა „თსუ გორდელას“ სადებიუტო CD ალბომის რეპერტუარზე და სტუდიურ ჩაწერაზე მუშაობა. ალბომის მუსიკალური კონცეფცია ჯგუფის რეპერტუარიდან 12 მუსიკალური კომპოზიციის შერჩევას და გათანამედროვებული და ახლებური ფორმით გაჟღერებას გულისხმობდა. ამისთვის კომპოზიტორმა ლილიკო ნემსაძემ  „თსუ გორდელას“ მუსიკალურ ხელმძღვანელთან თამაზ მამალაძესთან ერთად შექმნა არსებული ნაწარმოებების სრულიად ახალი ვერსიები.
„თსუ გორდელას“ მუსიკალური ხელმძღვანელის თამაზ მამალაძის განცხადებით, „ალბომი პირველი სერიოზული ნამუშევარია, რომელშიც ჯგუფის მიერ შესრულებულ ძველ და ახალ სიმღერებთან ერთად ძველი სიმღერების ახლებური ინტერპრეტაციებიც არის შესული. შევეცადეთ, რომ ამ ალბომით ფოლკლორი საზოგადოებისთვის უფრო ადვილი აღსაქმელი გაგვეხადა.“
„თსუ გორდელა“ ყოველთვის ახერხებს ქართული ხალხური სიმღერებისგან შექმნას განსხვავებული და საინტერესო ინტერპრეტაციები. მოხარული ვართ, რომ„ბრავო რექორდსი“ თანამშრომლობს თსუ გოგონათა  ფოლკლორულ ანსამბლთან და ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება,“- აღნიშნა „ბრავო რექორდსის“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა შენგელიამ.
„თსუ გორდელა“ 2007 წელს ჩამოყალიბდა თსუ-ში. ჯგუფი არაერთი ფესტივალის ლაურეატი და ჯილდოს მფლობელია. „თსუ გორდელა“ ხშირად მართავს გასტროლებს როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე საზღვარგარეთ.





Print

« იხ. ყველა სიახლე