2010-05-13

საერთაშორისო კონფერენცია: “ამერიკა და ამერიკული ფასეულობები”

13 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამერიკის შესწავლის საკითხებისადმი მიძღვნილ მეთერთმეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: "ამერიკა და ამერიკული ფასეულობები" უმასპინძლა.
კონფერენციის მიზანია ამერიკის ქვეყნების ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და რელიგიის საკითხების განხილვა პროფესიულ დონეზე და მიღებული ინფორმაციის პოპულარიზაცია საქართველოს საზოგადოების ფართო ფენებში; კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 170-მდე მოხსენება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შესწავლის ყველა სფეროს მოიცავს. კონფერენციაზე ასევე განიხილეს ლათინური ამერიკისა და კანადის საკითხები.
კონფერენციაზე მოწვეული იყო ნიუ–ჯერსის შტატის რატგერსის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ როკლენდი. ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტის დამფუძნებელი საქართველოს უკვე მეორეჯერ სტუმრობს. მაიკლ როკლენდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე ლექციების სერია: „ჯორჯ ვაშინგტონიდან – ჯორჯ ბუშამდე“ და „XX საუკუნის დიპლომატია“ წაიკითხა. პროფესორმა ქართველ სტუდენტებთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა: „საოცარია, როგორი ცოდნა აქვთ ქართველ სტუდენტებს. მათ გაცილებით მეტი იციან ჩემს ქვეყანაზე, ვიდრე მე. გაოცებული დავრჩი მათი კითხვებით, რომლებიც ლექციებზე დაისვა, ზოგ მათგანზე პასუხი მეც კი არ მქონდა“.
კონფერენციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების და  საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრნენ.
 „ამერიკანისტიკისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება. გვინდა მეტი ვიცოდეთ ამერიკის შესახებ. ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოს  წამყვანი პროფესურა ამერიკისმცოდნეობის დარგში, რათა ღრმად გავეცნოთ ამერიკულ ფასეულობებს. ჩვენ ორიენტირებული ვართ გავხდეთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი, რომელშიც ამერიკას ღირსეული ადგილი უკავია,“ – განაცხადა თსუ–ს რექტორმა გიორგი ხუბუამ.
 „ამერიკა საქართველოს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლას და ახლის შეძენას, რომელიც ჩვენთვის სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია და ყველა საკითხი, რომელიც კონფერენციაზე განიხილება ცოდნის გაღრმავებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა კონფერენციაზე მოწვეულმა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა რუსუდან კერვალიშვილმა.
კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის  ინსტიტუტის და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. თსუ–ს ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი ზრუნავს საქართველოში ამერიკის შესწავლის საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდაზე და კონტაქტების გაღრმავებაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში.
კონფერენციის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ფოიეში ამერიკის ხელოვნების ნიმუშების გამოფენაც მოეწყო. ამერიკული კულტურის გაცნობა ნებისმიერ მნახველს რამდენიმე დღის განმავლობაში შეეძლება.
Print

« იხ. ყველა სიახლე