2015-01-29

2015 წელი თსუ-ში მეცნიერების წლად გამოცხადდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ თსუ-ში სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
თსუ რექტორმა 2015 წელი თსუ-ში მეცნიერების წლად გამოაცხადა, რაც ახალგაზრდა და უკვე აღიარებულ მეცნიერთა, და საერთოდ, მეცნიერების მხარდაჭერას გულისხმობს. მისი თქმით, უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევები ყოველთვის წარმოებდა მაღალ დონეზე, მაგრამ გაჩნდა გარკვეული ვაკუუმი, რამდენადაც კვლევები იყო დამოკიდებული თითოეული პროფესორის პირად ინიციატივაზე. „ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, მიგვეღო გარკვეული რეგულაცია, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ სამეცნიერო საქმიანობა გააქტიურდეს და ჩვენი მეცნიერების ცნობადობა გაიზარდოს საერთაშორისო დონეზე“,- აღნიშნა თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.  ამისათვის, გასულ წელს, თსუ-ში გარკვეული სახის სამუშაოები წარმატებით შესრულდა. რისი დასტურიცაა უნივერსიტეტელების პუბლიკაციების რაოდენობის ზრდა მაღალრეიტინგულ, იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში, ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტების მოპოვება და სხვა. 2014 წლის განმავლობაში მაღალრეიტინგულ, იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში თსუ-ს 372 პუბლიკაცია გამოქვეყნდა, მათ შორის, 174 ფიზიკასა და ასტრონომიაში; 74 მათემატიკაში; 51 საინჟინრო მეცნიერებებში და 27 მედიცინაში. სამეცნიერო საქმიანობის წარმოებისთვის უნივერსიტეტში მეცნიერებს თავისუფალი წვდომა აქვთ საერთაშორისო მასშტაბის ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებზე; შეიქმნა პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტი; გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამეცნიერო ფორუმი. „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება,  ხელი  შევუწყოთ სტუდენტების ჩართულობას სამეცნიერო საქმიანობაში და ამიტომ შევქმენით სპეციალური ფონდი, რომელიც დააფინანსებს მიზნობრივ სამეცნიერო პროგრამებს. ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობის მიზნით გრძელდება წინა წელს დაწყებული პროგრამები, რომელიც არის წახალისება საუნივერსიტეტო მეცნიერების,  პროფესორებისა და სტუდენტების,“- განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
პრესკონფერენციაზე თსუ რექტორმა  ისაუბრა აკადემიური ეთიკის დარღვევებზე. მათ შორის პლაგიატზე, კომპილაციაზე, აკადემიური ეთიკის დარღვევის ფაქტებზე რეაგირებასა და სხვა დარღვევებზე; „ეს პრობლემა საქართველოში დიდი ხანია დგას. უნივერსიტეტს არ გააჩნდა არანაირი ინსტრუმენტი პლაგიატთან ბრძოლის, ამოტომ ჩვენ გვინდოდა არა მარტო პლაგიატის, არამედ ნებისმიერი სამეცნიერო ეთიკის დარღვევის ფაქტზე ყოფილიყო რეგულაცია. ეს რეგულაცია შემუშავებული იქნა 6 თვიანი მუშაობის საფუძველზე, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი თუ  რა ტიპის გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული სამეცნიერო ეთიკის დარღვევასთან დაკავშირებით. აკადემიური ეთიკის დარღვევის ფაქტს იკვლევს აკადემიური პერსონალისგან შექმნილი კომისია, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო. სულ შემოვიდა 5 საჩივარი, სამზე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და აქედან მხოლოდ ერთ შემთხვევაზე დადასტურდა პლაგიატი, დანარჩენ ორ საჩივარზე  მიმდინარეობს კომისიის მუშაობა“, - აღნიშნა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
პრესკონფერენციაზე თსუ რექტორმა ასევე აღნიშნა,  რომ 2017 წლიდან ამოქმედდება მინიმალური სამეცნიერო დატვირთვის სტანდარტი.

Print

« იხ. ყველა სიახლე