2012-10-22

შემოდგომის ლეგენდა 2012 იმპროვიზაციული ტური ქართულ შატოში

20 ოქტომბერს კახეთში, მერეს სასახლეში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ იმპროვიზაციული ტური გაიმართა. კონკურსის 10-მა ფინალისტმა, 8 საათის განმავლობაში, ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე ახალი ნაწარმოებები შექმნა.
წელს კონკურსის ორგანიზატორებმა ფინალისტებს სიახლე შესთავაზეს, გასული წლებისგან განსხვავებით ლიტერატურულ შეხვედრაზე, რომელიც იმპროვიზაციული ტურის წინა საღამოს იმართება, ჟიურის წევრებმა მონაწილეებს კონკრეტული ფრაზის ნაცვლად ახალი ნაწარმოებების შესაქმნელად წერილები გადასცეს. სლოგანით „კედლის წერილები“ ლიტერატურული ჟიურის წევრებმა ფინალისტებისთვის ორ-ორი წერილი შექმნეს, მონაწილეებს მათი ლიტერატურული ინსპირაცია დაევალათ.
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.
ფინალისტები ქართულ შატოში 19 ოქტომებრს გაემგზავრნენ. კონკურსის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მონაწილეებისთვის ლიტერატურული შეხვედრა და გასული წლის გამარჯვებულის - ივა ფეზუაშვილის ფილმის „ბაბაზი“ ჩვენება მოეწყო. მერეში სტუდენტებთან ერთად იმპროვიზაციულ ტურს კონკურსის ლიტერატურული ჟიურის წევრებიც დაესწრნენ. ჟიურის შემადგენლობაში თანამედროვე ქართველი მწერლები დავით ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, სალომე ბენიძე და ივა ფეზუაშვილი შედიან. ჟიურის მეხუთე წევრი გასული წლის გამარჯვებულია. აღნიშნული ტრადიცია წელს ჩამოყალიბდა და კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ყოველ წელს პირველი ადგილის მფლობელი ავტომატურად მომდევნო წლის ჟიურის წევრი გახდება.
ლიტერატურული კონკურსი ორ ეტაპად განხორციელდა. I ტურმა სტარტი სწავლის დაწყების დღეს - 17 სექტემბერს აიღო და სამი კვირის განმვალობაში ტარდებოდა. კონკურსში მონაწილეობას თბილისში აკრედიტირებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებდნენ. 196 კონკურსანტიდან შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 10 ფინალისტი გამოავლინა. ფინალისტებს შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 6, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 2, თავისუფალი უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თითო წარმომადგენლები არიან.
ლიტერატურულმა ჟიურიმ სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი უკვე გამოავლინა. მათი ვინაობა ნოემბრის დასაწყისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ დაჯილდოების საღამოზე გახმოვანდება. გამარჯვებული სამეული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემიით და კომპანია ჯეოსელის სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდება. ამასთან, პირველი ადგილის მფლობელს კონკურსის სიმბოლო გადაეცემა. დაჯილდოების საღამოზე იმპროვიზაციული ტურის საუკეთესო ნაწარმეობებისგან შექმნილი კრებულის  პრეზენტაციაც გაიმართება.
შემოდგომის ლეგენდა წელს მეოთხედ ჩატარდა. ლიტერატურული კონკურსი 2009 წელს იყალთოში და 2010 წელს ყვარლის ტბაზე გაიმართა, ხოლო 2011 წლის კონკურსს ლოპოტას ტბამ უმასპინძლა.

Print

« იხ. ყველა სიახლე