ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა - „რეგიონული უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება“ გაიხსნა.
თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საზაფხულო სკოლაში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალობით სწავლობენ და თსუ საზაფხულო სკოლის 5-კრედიტიან პროგრამას გადიან. პროგრამაში ქართველი სპეციალისტები, პროფესორები, ექსპერტები მონაწილეობენ. თსუ-ში საზაფხულო სკოლა რეგიონული უსაფრთხოების და კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე უკვე მესამედ ტარდება.
საზაფხულო სკოლის ორგანიზატორის, თსუ პროფესორის
გუგული მაღრაძის თქმით, საზაფხულო სკოლის პროგრამა საერთაშორისო აღიარების მქონეა. „
ლექციები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და ყველაზე საინტერესო არის ის, რომ აქ მიღებული კრედიტები ამ სტუდენტებს სან დიეგოში ეთვლებათ. წელს 36 სტუდენტია ჩამოსული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ესენი არიან სტუდენტები, რომლებიც ხვალ და ზეგ აშშ-ში ისეთ სამსახურებში მოგვევლინებიან, რომელსაც შეიძლება რეგიონის უსაფრთხოებასთან უშუალო შეხება ჰქონდეს.“
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის
ესტებან ედროს მოჰიკას თქმით, საზაფხულო სკოლაში მიღებული გამოცდილება მომავალ საქმიანობაში ძალიან დაეხმარებათ:
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რასაც საქართველოდან ვიღებთ. ამ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი კულტურა და აქ მიღებული განათლება ჩვენი მომავლისთვის მნიშვნელოვანია.“
საზაფხულო სკოლის ლექცია-სემინარებზე ისეთი თემები განიხილება, როგორიცაა საქართველო და ნატო, საქართველო და ევროკავშირი, რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება, საქართველოს სახელმწიფოს მიდგომები კონფლიქტების მოგვარებისადმი, რუსეთი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ადამიანის უფლებები რეგიონში, გარემოსდაცვითი პრობლემები სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის განვითარების ეკონომიკის გამოწვევები, რელიგიის როლი რეგიონული უსაფრხოების საკითხებში და სხვა.
სტუდენტები ლექცია-სემინარებს 3 კვირის განმავლობაში მოისმენენ. მათთვის მომზადებულია კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებში სტუდენტები საქართველოს სხვადსხვა მხარეში იმოგზაურებენ, ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვეობას გაეცნობიან.