ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-09-29

ზამთრის სკოლის "კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში" კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის სკოლის  "კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში" კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ზამთრის სკოლის პედაგოგები და სტუდენტები დაესწრენ. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალობის შემსრულებელმა თამარ მახარაძემ და ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელმა იაგო კაჭკაჭიშვილმა გადასცეს.
„განათლების სამინისტროს ინიციატივით ძალიან საინტერესო მიმართულების ზამთრის სკოლა ჩატარდა. მართალია, ლექციებზე სასწავლო პროგრამების ფარგლებში ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ზამთრის სკოლამ თავი მოუყარა სოციალურ მეცნიერებებში კრიტიკულ რეფლექციებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეგიონული უნივერსიტეტები მონაწილეობდნენ ზამთრის სკოლაში; მოხდა გამოცდილების ურთიერთგაზიარება, სოციალური კავშირების დამყარება, რაც ხელს შეუწყობს სკოლის კურსდამთავრებულთა შემდგომი განვითარების საქმეს,“- განაცხადა თსუ პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
„ძალიან სასარგებლო პროექტი გამოდგა. ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როცა თითქმის მთელი ქვეყნის სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტები ერთად შევიკრიბეთ. ძალიან ბევრი შევიძინეთ არა მხოლოდ აკადემიური კუთხით, არამედ დავამყარეთ პირადი ურთიერთობები, ერთმანეთში გავცვალეთ ინფორმაცია,“- აღნიშნა ზამთრის სკოლის კურსდამთავრებულმა, თსუ სტუდენტმა თეკლა ჯამრულიძემ.
ზამთრის სკოლა "კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში" თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტმა ჩაატარა. მასში  50 სტუდენტი მონაწილებდა  -  20 თსუ-დან, ხოლო 30  -  რეგიონული უნივერსიტეტებიდან (ბათუმის, ქუთაისის, გორის, თელავის და ახალციხის უნივერსიტეტები).
ზამთრის სკოლაში მონაწილეობა მიიღეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტებიდან (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი). სკოლაში პედაგოგებად მოწვეულნი იყვნენ თსუ-ს და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ცნობილი მეცნიერები, აგრეთვე, უცხოელი პროფესორები ფრანკფურტის (გერმანია) და ჰელსინკის (ფინეთი) უნივერსიტეტებიდან. ზამთრის სკოლა „კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წლის 17-26 თებერვალს გაიმართა. სკოლას ორგანიზება გაუწია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულებამ.



Print

« იხ. ყველა სიახლე