2009-09-24

სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე განხორციელებული რეფორმები

ეკონომიკური აქტივობის ზრდა საქართველოში და ახალი ინვესტიციების მოზიდვა წარმატებული სახელმწიფოს გარანტიაა. ეკონომიკის სფეროსადმი სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი წელს უპრეცედენტოა. მაღალი დაინტერესების გამო უნივერსიტეტებს დიდი მისია დაეკისრათ. მომავალი თაობის განათლებისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ითვალისწინებს სტუდენტების პრიორიტეტებს და მათ პერსპექტიულ მომავლზე ზრუნავს.
ეროვნული გამოცდების შედეგად სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2009-2010 სასწავლო წელს უპრეცენდენტო რაოდენობის სრული დაფინანსების მქონე სტუდენტი ჩაირიცხა. 885 სტუდენტიდან აღნიშნულ ფაკულტეტზე სახელმწიფოს გრანტი 880 მოიპოვა, აქედან 100%-იანი დაფინანსება კი - 308 სტუდენტმა.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლების ხარისხის ამღლების მიზნით მრავალი რეფორმა გატარდა. შემუშავდა ახალი პროგრამები უმაღლესი განათლების ყველა დონეზე, შეიქმნა ინგლისურენოვანი ე.წ ელიტური ჯგუფები, რომლის საშუალებითაც სტუდენტები სხვადასხვა უცხოენოვან პროგრამებს დაეუფლებიან. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მომავალში სწავლა საზღვარგარეთ, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ; განახლდა ინფრასტრუქტურა და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა აუდიტორიები.
რეფორმები მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის შერჩევასაც ითვალისწინებს. ამ მიზნით სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეულია ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰენ ციმერმანი, რომელმაც 23 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე რექტორთან, პროფესორ გიორგი ხუბუასთან ერთად ფაკულტეტზე მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კონკურსის შედეგად შერჩეული პროფესურა სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის ხარისხის ამაღლების გარანტია იქნება. ეს ერთ-ერთი ძირითადი რეფორმაა, რომელიც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ხორციელდება. პროფესურის შერჩევა 28 სექტემმბერს დასრულდება, ამ დროისათვის ღია კონკურსის შედეგად ფაკულტეტზე 180 აპლიკაცია შევიდა. გერმანელი პროფესორი რეკომენდაციას იძლევა, რომლის მიხედვითაც ფაკულტეტზე უნდა დარჩეს რამდენიმე ვაკანტური ადგილი, რათა შერჩევის პროცესი დინამიურად წარიმართოს და პროფესიონალი კადრებით ფაკულტეტის დაკომპლექტება მომავალშიც განხირციელდეს.
პრესკონფერენციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ზურაბ ალავიძეც ესწრებოდა, რომელმაც ახალი თაობის უპრეცენდენტო ინტერესი პრიორიტეტული სფეროსადმი დადებითად შეაფასა:
„ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა; კარგია, რომ ახალ თაობაში ასეთი მაღალი ინტერესია. კონკურენცია დღეს ძალიან დიდია, ამიტომ საჭიროა მაღალი ხარისხის ცოდნა, რომელსაც სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს აძლევს. თანამედროვე განათლების სისტემა და სწორად განხორციელებული რეფორმა ღირსეული თაობის აღზარდის გარანტიაა“.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დაწყებულმა რეფორმებმა განაპირობა ბაკალავრიატის I კურსზე უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის სტუდენტთა მიღება. ამასთან ერთად, 2009-2010 სასწავლო წლის ეს ნაკადი ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტებით გამოირჩევა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩაირიცხა 885 სტუდენტი.
100%-იანი გრანტის მფლობელი _ 308 (34,6%) სტუდენტი
70%-იანი _ 352 (39,6%) სტუდენტი
50%-იანი – 201 (22,6%) სტუდენტი
30%-იანი –24 (2,7%) სტუდენტი
გრანტის გარეშე ჩარიცხული _ 4 (0,4%) სტუდენტი
რეფორმების შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი გთავაზობთ:
1. ახალი პროგრამები უმაღლესი განათლების ყველა დონეზე.
განხორციელდა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მოდერნიზაცია:
ევროპული სტანდარტების შესაბამისად ოპტიმიზაციის საფუძველზე შეიქმნა ორი ახალი მიმართულება:
  • ეკონომიკა
  • ბიზნესის ადმინისტრირება
თითოეულ მიმართულებაში სტუდენტებს მოდულების არჩევის შესაძლებლობა ეძლევათ:
ეკონომიკაში _ ეკონომიკური თეორია, მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკური პოლიტიკა, შრომის ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა, ეკონომიკური სტატისტიკა.
ბიზნესის ადმინისტრირებაში _ ბიზნესის ორგანიზაცია, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები და საბანკო საქმე, ბუღალტრული აღრიცხვა, ტურიზმი, ინფორმაციული მენეჯმენტი.
სტრუქტურულად და შინაარსობრივად შეიცვალა სამაგისტრო პროგრამები. ძირითადად ფაკულტეტზე ორი პროგრამა მოქმედებს: 1. ეკონომიკა; 2. ბიზნესის ადმინისტრირება კონცენტრაციებით: ეკონომიკაში _ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკური პოლიტიკა და დიპლომატია, მაკროეკონომიკა, ეკონომეტრიკა და სტატისტიკა.
მაგისტრანტებს ეძლევათ სასურველი კონცენტრაციების არჩევის შესაძლებლობა;
მაგისტრატურის დაკომპლექტება მიმდინარე სასწავლო წლისათვის საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდებით მოხდა; ფაკულტეტზე 200 ადგილზე შემოსულია 418 განაცხადი.
2009-2010 სასწავლო წლიდან ამოქმედდება ახალი სადოქტორო პროგრამები:
 ეკონომიკა
 საერთაშორისო ეკონომიკა
 ბიზნესის ადმინისტრირება.
ფაკულტეტზე უკვე შემოსულია 28 განაცხადი.
2. მაღალფროფესიული აკადემიური პერსონალი
რეფორმები ითვალისწინებს მაღალკვალიფიციური პროფესორების კონკურსის შედეგად გამოავლენას. საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით არჩეულ პროფესურას სახელმწიფო უნივერსიტეტი მაღალ ანაზღაურებას სთავაზობს.
3. განახლებული ინფრასტრუქტურა
გარემონტდა და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა აუდიტორიები და რესურსცენტრები. განახლებული ინვენტარი მაღლივი კორპუსის მთელს ტერიტორიაზე განთავსდა. სპეციალური კურსებისათვის სალექციო აუდიტორიები თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით მომარაგდა.
4. მდიდარი ბიბლიოთეკა.
ფაკულტეტის ბიბლიოთეკა შეივსო უახლესი წიგნებით. ეს პროცესი გრძელდება. “ქართუ ჯგუფის” დახმარებით ბიბლიოთეკისათვის შეძენილ იქნება 100_ზე მეტი დასახელების უცხოური სპეციალური ლიტერატურა და სახელმძღვანელოები სხვადასხვა საგნებში.
5. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების პერსპექტივა.
სტუდენტს საშუალება ეძლევა 6 სემესტრის შემდეგ სწავლა საზღვარგარეთ, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს.
6. ინგლისურენოვანი ე.წ ელიტური ჯგუფების შექმნა.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკუტეტზე სტუდენტებს სხვდასხვა ინგლისურენოვანი პროგრამებით სწავლების საშუალება ეძლევათ. ჯგუფები მაღალრეიტინგული სტუდენტებით დაკომპლექტდება და სწავლების პროცესში მათი ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში გაგზავნა მოხდება.
Print

« იხ. ყველა სიახლე