2015-10-20

საგრანტო კონკურსი სტუდენტური ინოვაციური პროექტებისათვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ფონდის მიერ გამოცხადებულ სტუდენტური ინოვაციური პროექტების საგრანტო კონკურსის შესახებ ისაუბრეს.
,,განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისათვის სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ისევე როგორც, მაღალი ტექნოლოგიების დანერგვას, რისთვისაც მხოლოდ სახელმწიფო ინიციატივები არასაკმარისია. სწორედ, რომ კერძო ინიციატივით ხდება პროექტების დაფინანსება, სტუდენტების წახალისება. კონკრეტულად ჩვენი გუნდის მიზანია ერთმანეთს დავუახლოვოთ, ერთი მხრივ ბიზნესის სექტორი და მეორე მხრივ - აკადემიური სფერო. მოხარული ვარ, რომ ერთ-ერთი პირველი აქტივობა ფოკუსირებულია სტუდენტურ პროექტებზე,’’-განაცხადა თს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ნოსელიძემ სტუდენტებთან შეხვედრისას.   
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან საზღვარგარეთის უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს (ასევე  პირებს, ვინც 2015 წელს დაამთავრა ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ერთ-ერთი და აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი).    
კონკურსის მიზანია აამაღლოს სტუდენტების კვლევების კომერციალიზაციაში ჩართვის მოტივაცია;  დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდებს,  მოახდინონ ინოვაციური იდეების რეალიზაცია; გაზარდოს სტუდენტების მისწრაფება, მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკული ინოვაციებისთვის; მიმართოს ნიჭიერი და კრეატიული სტუდენტების ინტელექტუალური პოტენციალი მაღალტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარებაზე და ამ გზით ხელი შეუწყოს ქვეყნის ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას და, საბოლოო ჯამში, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბებას.





Print

« იხ. ყველა სიახლე