ერთი წლის მუშაობის ანგარიში ჩააბარა საზოგადოებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა
ვლადიმერ პაპავამ.
პრესკონფერენციაზე თსუ რექტორმა უნივერსიტეტში გატარებულ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ხელს უწყობს სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას; ყურადღება გაამახვილა გატარებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე და ახალ ინიციატივებზე. მისი თქმით, ერთი წლის განმავლობაში თსუ-ში 15 ახალი საგანმანათლებლო პროგრამა შეიქმნა, ჩამოყალიბდა პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტი 12 საკონკურსო ადგილისთვის, ქართველოლოგიაში დაწესდა ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემია, პირველად გამოვლინდნენ ფაკულტეტებიდან წლის საუკეთესო პედაგოგები და რექტორის სტიპენდიატი სტუდენტი, მოგვარდა აკადემიური რეგისტრაციის პრობლემა, შეიქმნა სასწავლო პროცესის მართვის გაუმჯობესებული ელექტრონული ბაზა, დაიხვეწა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი, ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს 7 ათასზე მეტი წიგნი შეემატა, გაიზარდა და განმტკიცდა საერთაშორისო კონტაქტები უცხოეთის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, გაიზარდა გაცვლითი პროგრამების რიცხვი, უახლესი ტექნიკით აღიჭურვა და განახლდა ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და მექანიკისა და მოლეკულური ფიზიკის ლაბორატორიები, გაიხსნა თანამედროვე მულტიმედია ცენტრი, თსუ აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ახალი ფაკულტეტის - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ჩამოყალიბებაზე, თსუ კვლავ ლიდერია სამეცნიერო გრანტების მოიპოვების კუთხით.
„რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თსუ სტუდენტებს შეხვედრაზე შეპირდა, რომ უნივერსიტეტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებენ დაფინანსებას. ეს აუცილებელია უნივერსიტეტების განვითრებისთვის. სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ აქვთ პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება. თსუ მხოლოდ სტუდენტების მიერ გადახდილი თანხით არსებობს. ეს კი არასაკმარისია ისეთი ძვირადღირებული დარგების განვითარებისთვის, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, მედიცინა. თანხა არასაკმარისია სასწავლო კორპუსების გასარემონტებლად, პროფესორთა ხელფასების დიფერენცირების აღმოფხვრისათვის და სხვა მრავალი პრობლემის მოსაგვარებლად. ვიმედოვნებ, რომ უნივერსიტეტების პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსებისთვის საჭირო თანხა ახალ სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება,“- აღნიშნა თსუ რექტორმა
ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტის დაფინანსების პრობლემაზე საუბრისას.
თსუ რექტორმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა სან დიეგოს (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად საინჟინრო სკოლის შექმნაზე, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის ფაკულტეტთან ინტეგრაციაზე, უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითრების ახალ გეგმაზე და სხვა.