2015-11-18
თსუ პანთეონში უნივერსიტეტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის იუსტინე აბულაძის ნეშტი გადმოასვენეს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდუბის საზოგადო მოღვაწის პანთეონიდან უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ცნობილი ქართველი ფილოლოგის, ირანისტის, რუსთველოლოგის, აღმოსავლეთმცოდნეობის ცნობილი სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფუძემდებლის,
იუსტინე აბულაძის (1874-1962) ნეშტი გადმოასვენეს. ცერემონიალს ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა, იუსტინე აბულაძის შთამომავლების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, რომლებმაც პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს პროფესორის საფლავი.
თსუ რექტორის
ვლადიმერ პაპავას განცხადებით: ,,
პროფესორი იუსტინე აბულაძე იყო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მკვლევარი, განსაკუთრებით სპარსული ენისა და ლიტერატურის სფეროში. მან საფუძველი დაუდო საქართველოში სპარსოლოგიას, ირანისტიკის მიმართულებას. ის სწავლობდა „ვეფხისტყაოსანს“,
იკვლევდა „ვისრამიანსა“ და „შაჰნამეს“.
საფლავზე დაიდგმება ძეგლი და ამით მივაგებთ პატივს ყველა დიდ ადამიანს, რომელმაც საქართველოში საფუძველი დაუდო უმაღლეს განათლებას.’’
,,უნივერსიტეტში, როცა საასწავლო პროცესი დაიწყო სულ 13 პროფესორი იყო, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი გახლდათ იუსტინე აბულაძე. მან უნივერსიტეტში დაარსა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სპარსული ენისა და ლიტერატურის კათედრა. აღმოსავლეთმცოდნესთან ერთად, ის ცნობილი რუსთველოლოგიცაა. მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა ორი სქელტანიანი წიგნი, რომელშიც შევიდა მისი ნაშრომები რუსთველოლოგიაზე. ვფიქრობ, ეს ადგილი მისი მოღვაწეობიდან და შემოქმედებიდან გამომდინარე მას უფრო შეეფერება. რასაკვირველია, მის შთამომავლობას ეს ფაქტი ძალიან გვახარებს,’’- აღნიშნა იუსტინე აბულაძის შვილიშვილმა
იუზა აბულაძემ.
იუსტინე აბულაძემ თბილისის უნივერსიტეტის დაარსების დღიდან გარდაცვალებამდე უნივერსიტეტის სამსახურს შესწირა თავი. იგი იყო საქართველოში სპარსული ენის მეცნიერული სწავლების ფუძემდებელი, მანვე შეადგინა პირველი სახელმძღვანელო (1936). თბილისის უნივერსიტეტში დააარსა და სათავეში ჩაუდგა სპარსული ფილოლოგიის კათედრას, აღზარდა ქართველ ირანისტთა მთელი თაობა; გამორჩეულად უყვარდა და საგანგებოდ იკვლევდა მსოფლიო მწერლობის სამ შედევრს: ,,ვეფხისტყაოსანს’’, ,,შაჰნამესა’’ და ვისრამიანს’’. მონაწილეობა მიიღო სამივე ძეგლის ტექსტის დადგენაში, შეადგინა მათი ვრცელი ლექსიკონი, რითაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ-სპარსული ენობრივი ურთიერთობის მეცნიერულ შესწავლას.
« იხ. ყველა სიახლე