2011-05-20
20 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე - „სტუდენტის თვალით დანახული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი“.
„ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დამკვიდრებისათვის საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. სტუდენტები თავიანთი აქტიურობით უზრუნველყოფენ ინსტიტუტის ამუშავებისთვის აუცილებელ პირობებს, ის მოსაზრებები და რჩევები, რომლებსაც ახალი თაობა დღეს ავლენს, გათვალისწინებული იქნება ხვალ“, – აღნიშნა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდულმა.
შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილეებმა, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეებმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებმა, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა, სტუდენტებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.
„მსგავსი პროექტები უზრუნველყოფს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას და იმ სისტემისთვის მზადყოფნას, რომელიც უფლებებთან ერთად მეტ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. სტუდენტებმა პრაქტიკოსი იურისტებისგან შეიტყვეს უფრო მეტი ინსტიტუტის შესახებ. ამავე დროს, იურისტებმა მოისმინეს სტუდენტებისაგან რჩევები და შენიშვნები“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა.
« იხ. ყველა სიახლე