2011-02-24

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თინათინ ბურჯალიანის ვიზიტი თსუ-ში

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელშეწყობით იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინათინ ბურჯალიანმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე _ "საქართველოს ინტეგრაცია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში (NATO): ინტეგრაციის არსებული ინსტრუმენტები და მიმდინარე რეფორმები." მინისტრის მოადგილემ თსუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს გააცნო ის პროცესები, რომელიც იუსტიციის სამინისტროში ან სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. მისი თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ გაცემული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შესრულებულია; გატარდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა აამაღლოს: "მნიშვნელოვანია გაირკვეს, თუ რამდენად გაიზარდა მოსახლეობის პოზიტიური დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ; რამდენად საკმარისი საკანონმდებლო გარანტია არსებობს იმისათვის, რომ მოსამართლემ საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა შეძლოს. თავის მხრივ, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას _პროკურატურას, ასევე დაცვის მხარეს ყველა ქვეყანაში და ყოველთვის ექნება სასამართლოზე ზეწოლის სურვილი. ამიტომ არა მხოლოდ სისტემური, არამედ ინდივიდუალური რეფორმაა საჭირო, რათა თითოეულმა მოსამართლემ გაუძლოს ამგვარ ზეწოლასა და ცდუნებას." ლექციის შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომელშიც თსუ-ის სტუდენტებმა და ლექტორებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.


Print

« იხ. ყველა სიახლე