2013-11-04

პაატა ბურჭულაძის შეხვედრა თსუ პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან

ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ფონდების "იავნანა" და "ივერიისა" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 4 ნოემბერს ეწვია. პაატა ბურჭულაძე თსუ რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა და მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის  ტაძრის მშნებლობაზე ესაუბრა.
თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოჩენილი ქართველი საოპერო მომღერალი, საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე მობრძანდა პროფესორ-მასწავლებლებთან შესახვედრად. მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობა საერთო ქართული საქმეა, რომელშიც ადამიანები სურვილისა და შესაძლებლობის ფარგლებში არიან ჩართულნი. დღევანდელი შეხვედრით უნივერსიტეტის წარმომადგენლები უკეთ გაერკვევიან მშენებლობის საქმეში. ყველა უნივერსიტეტელის სურვილია  ტაძრის მშენებლობის დასრულება.“
„ჩემთვის დიდი პატივია უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა. საუბარი მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობას შეეხო. ბევრი ადამიანია ჩართული ამ საქმეში, გვსურს, რომ უფრო მეტმა გაიგოს თუ რა მდგომარეობაშია ტაძარი, როგორ მიმდინარეობს მშენებლობა, როგორ შეუძლია ნებისმიერ მსურველს საკუთარი წვლილი შეიტანოს ტაძრის მშენებლობის საქმეში,“ - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.     
თბილისში, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს. ამ ტაძარს მთელი საქართველო და ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეები ერთიანი ძალისხმევით აშენებენ. სახალხო აქციაში ათასობით ადამიანია გაერთიანებული. მასში უკვე 204 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ასაშენებლად 2010 წლის 27 ივლისს დაფუძნდა ფონდი „ივერიისა“, რომელსაც პაატა ბურჭულაძე ჩაუდგა სათავეში. დაარსების დღიდან ფონდმა მიზნად დაისახა, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მთელ საქართველოს ერთიანი ძალისხმევით აეშენებინა.
შეხვედრის ორგანიზატორი და საინფორმაციო მხარდამჭერია გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქცია.

Print

« იხ. ყველა სიახლე