ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-09-23

საერთაშორისო კონფერენცია და საშემოდგომო სკოლა თეორიულ ფიზიკაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა პირველი საერთაშორისო კონფერენცია  და საშემოდგომო სკოლა  თეორიულ ფიზიკაში, რომელშიც თსუ-სთან ერთად რამდენიმე ევროპული უნივერსიტეტისა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები მონაწილეობენ. 23 სექტემბერს კონფერენციაში სიგენის (გერმანია) უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ, რომელთანაც თეორიულ ფიზიკაში  ერთობლივ სადოქტორო პროგრამებთან მიერთების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტაქტი აქვს დამყარებული წამყვან უნივერსიტეტებთან. თსუ-ში ძლიერი ტრადიციული სკოლებია და კონტაქტებიც მათ საფუძველზე ეწყობა. მსოფლიოში ცნობილია ქართული ფიზიკის სკოლა, რომლის დამსახურებაცაა დღევანდელი საერთაშორიო კონფერენციის თსუ-ში გამართვა. მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ  ფორმატი გაფართოვდა და მემორანდუმს სიგენის უნივერსიტეტიც მიუერთა. მსგავსი სახის ღონისძიებები ჩვენს სტუდენტებსა და მეცნიერებს საერთაშორისო დონის კვლევებში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.“

„დღევანდელი მემორანდუმი და კონფერენცია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბონის უნივერსიტეტის, სიგენის უნივერსიტეტსა და ერევნის უნივერსიტეტის მიერ არის ორგანიზებული ახალი ურთიერთობების დაწყებას და ფიზიკის სხვადასხვა მიმართულების განვითარებას გულისხმობს. ეს თანამშრომლობა  საინტერესო იქნება არა მხოლოდ პროფესორებისთვის, არამედ სტუდენტებისთვისაც, რომლებსაც  შესაძლებლობა ექნებათ იმოძრაონ ერთი ქვეყნიდან მეორეში და მიიღონ უფრო მეტი ინფორმაცია მათ სფეროში მიმდინარე პროცესებზე,“- განაცხადა ბონის უნივერსიტეტის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანმა ულფ მაისნერმა.

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის მირიან ტაბიძის ინფორმაციით, „უნივერსიტეტში ეწყობა საერთაშორისო კონფერენცია თეორიულ ფიზიკაში, კერძოდ კი ნაწილაკთა ფენომენოლოგიაში, რომელშიც ქართველი, გერმანელი და  სომეხი პარტნიორები მონაწილეობენ. ინტერესი დღევანდელი კონფერენციის მიმართ ძალიან დიდი იყო. კონფერენციის შემდეგ ბაზალეთის ტბის კომპლექსზე 3 დღე გაგრძელდება საშემოდგომო სკოლა მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის, სადაც მათთვის ლექციებს წაიკითხავენ ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტები.“

თსუ-ს, ბონის უნივერსიტეტის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს, სიგენის უნივერსიტეტსა და ერევნის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტს შორის  თანამშრომლობა დაიგეგმა, რაც თეორიულ ფიზიკაში  ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავებას გულისხმობს. ქართველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოისმინონ თეორიულ ფიზიკაში ცნობილი პროფესორების სალექციო კურსები, ჩაერთონ გერმანულ უნივერსიტეტებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში. მემორანდუმის ფარგლებში თსუ სტუდენტები უკვე იმყოფებიან იულიხის (გერმანია) კვლევით ცენტრში და გადიან მოსამზადებელ ეტაპს აღნიშნულ პროგრამაში ჩასართავად. 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, უცხოელი და უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები; მოხსენებები გაკეთდება ელემენტარული ნაწილაკების  ფენომენოლოგიაში. სკოლაზე დოქტორანტებისა და მაგისტრებისთვის ლექციებს ნაწილაკთა ფენომენოლოგიაში წაიკითხავენ ამ სფეროს წამყვანი ექსპერტები.

ღონისძიების თანადამფინანსებლები არიან ფოლკსვაგენის საქველმოქმედო ფონდი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
    

Print

« იხ. ყველა სიახლე