2012-05-01
1 მაისს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებისათვის დიასპორისა და მიგრაციის საკითხებზე საჯარო ლექცია წაიკითხა.
შეხვედრას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი ესწრებოდა. მისი განცხადებით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საკმაოდ აქტიურია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობაში, ამიტომ მისასალმებელია, რომ სტუდენტებს პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღება უშუალოდ სახელმწიფო მინისტრისგან შეუძლიათ.
პაპუნა დავითაიამ ისაუბრა აპარატის საქმიანობაზე და მიგრაციის საკითხების კვლევის მნიშვნელობაზე. მან სტუდენტებს ის პროექტები და პროგრამები გააცნო, რომლებსაც უწყება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავების, მათი მხარდაჭერის, დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერების, სამართლებრივი სტატუსის დარეგულირების და თანამემამულეების სამშობლოსთან ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს.
„დიასპორის არსებობა მნიშვნელოვანია და გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური განვითარეებისთვის“, - განაცხადა პაპუნა დავითაიამ. მან ყურადღება გაამახვილა არსებულ კანონზე, რომელიც უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ ძალაში 1 მარტიდან შევიდა. ეს კანონი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოსთან კავშირის დამყარებაში, სამშობლოში დაბრუნებასა და ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებაში უწყობს ხელს. კანონის მიხედვით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები მინიჭებული მოწმობის დახმარებით გარკვეული პროვილეგიებით ისარგებლებენ. მინისტრმა ასევე ისაუბრა საკვირაო სკოლების არსებობაზე, როგორც ეროვნულობისა და ენის დაკარგვასთან არსებული პრობლემის გადაჭრის გზაზე, გააცნო სტუდენტებს მათი განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული აქტივობები. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
« იხ. ყველა სიახლე