ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-12-19

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მაკროეკონომიკური ანგარიშის პრეზენტაცია

19 დეკემბერს თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში ( ISET) საქართველოს მაკროეკონომიკური ყოველთვიური მიმოხილვის პრეზენტაცია გაიმართა. მაკროეკონომიკური ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ მომზადდა.
ღონისძიება თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა გახსნა: „მსგავსი ხასიათის ეკონომიკური დოკუმენტი პირველად მომზადდა. მომავალში ISET  ყოველთვიურ ანგარიშს წარმოადგენს. ეს არის გამოცემა, რომლის ციტირებისა და გამოყენების საშუალება იქნება და ის საინტერესოა როგორც ამ სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისა და სპეციალისტებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის.“
ანგარიშის შესახებ მოკლე ინფორმაცია წარადგინა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ. მისი თქმით, „მაკროეკონომიკური მიმოხილვის ძირითადი პარამეტრები ემთხვევა მსოფლიო ბანკის პროგნოზს. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 7,2 პროცენტს შეადგენს. ბოლო თვეში მომხმარებელთა ნდობის ზრდა გამოიხატა, რაც იმის მომასწავებელია, რომ ეკონომიკური ზრდა არ შენელდება. დანარჩენი პარამეტრები წლის დასასრულის მაჩვენებლებს შეესაბამება. ასე, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პროცესი სტაბილურია.“
მაკროეკონომიკური ანგარიში შეაფასა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა: „ეროვნული ბანკის ინტერესებშია მსგავსი კვლევებისა და ანალიტიკური გამოცემების არსებობა, რომელიც კერძო სექტორისთვის, ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი და საჭიროა. დამოუკიდებელი, ალტერნატიული და მიუკერძოებელი კვლევის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია.“
დოკუმენტში განხილულია ის ეკონომიკური მოვლენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში ოქტომბრის განმავლობაში. მასში თანმიმდევრულად არის განხილული ქვეყნის ეკონომიკის რეალური, მონეტარული, ფისკალური, ფინანსური და საგარეო სექტორები. მაკროეკონომიკური ანგარიში ასევე განიხილავს მსოფლიო ეკონომიკაში მომხდარ იმ მოვლენებს, რომლეთაც გავლენა მოახდინეს საქართველოზე. საქართველოს მაკროეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა წარმოადგენს მოკლე, მაგრამ ინფორმაციულად და ანალიტიკურად მდიდარ დოკუმენტს, რომელშიც ხელმისაწვდომი ფორმით   საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზია მოცემული.

Print

« იხ. ყველა სიახლე