2016-05-05

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრა სტუდენტურ მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წევრებს შეხვდა. რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა ახალი აკადემიური საბჭოს არჩევის საკითხზე. აღნიშნა, რომ მოქმედ აკადემიურ საბჭოს უფლებამოსილება 15 მაისს შეუწყდება. თსუ ყოფილმა რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, ახალი აკადემიური საბჭოს არჩევნები 11 მაისს დანიშნა. პირველ ეტაპზე ფაკულტეტებიდან 2-2 წარმომადგენელი, სულ 14 წევრი აირჩევა. ხოლო უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილების შეტანის და ამ ცვლილებების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცების შემდეგ, აკადემიური საბჭო დამატებით შეივსება ფაკულტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებით. „ახალი რექტორი უნდა აირჩიოს ბოლომდე დაკომპლექტებულმა, გაფართოებულმა ახალმა აკადემიურმა საბჭომ. ამით დამთავრდება გარდამავალი, კრიზისული პერიოდი უნივერსიტეტისთვის . სასურველია ეს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდეს,“- აღნიშნა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.
სტუდენტებთან შეხვედრაზე დარეჯან თვალთვაძემ ისაუბრა კანცლერის არჩევნებზე, ახალი აკადემიური საბჭოსა და სენატის რაოდენობრივ შესაბამისობაზე, მხარი დაუჭირა სტუდენტთა პროტესტს თსუ  მაღლივი კორპუსის და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მიმდებარედ დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით; აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი ეცდება  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე არსებული ბაგების 2 სტუდენტური საცხოვრებლის რემონტისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მოიპოვოს. თუმცა, მანამდე უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აუცილებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.
თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა სტუდენტთა კითხვებს, მათ შორის მინიმალურ სამეცნიერო სტანდარტებზე, პროფესურის ანაზღაურების წესზე და სხვა.  „ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია უნივერსიტეტში, რომელიც აინტერესებს სტუდენტებსა და პროფესორებს. ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი განვიხილეთ - დაწყებული არჩევნებიდან, დამთავრებული სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საკითხით. შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც და, ვფიქრობ, სტუდენტებისთვისაც შედეგიანი იყო. იმედი მაქვს, ეს შეხვედრა არ იქნება უკანასკნელი და ჩვენ კიდევ ბევჯერ ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რაც უნივერსიტეში იქნება,“- აღნიშნა შეხვედრის შემდეგ დარეჯან თვალთვაძემ. 
 „შეხვედრამ ჩაიარა კონსტრუქციულ რეჟიმში, შევთანხმდით, რომ ეს შეხვედრები გაგრძელდება. მოწოდებულები ვართ თანამშრომლობისკენ და ქალბატონი დარეჯანისგანაც ეს დავინახეთ. ვისაუბრეთ აკადემიური საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით, დავაფიქსირეთ ჩვენი პრეტენზია, რომ ჩვენ არ მოგვწონს, რომ სისტემურად და ძირეულად არ იცვლება მისი არჩევის წესი, მისი რაოდენობა. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ, რომ რექტორობაზე არ იყაროს კენჭი, არა იმიტომ, რომ ჩვენ მასთან გვაქვს პიროვნული უთანხმოება, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვსურს ის მანკიერი ტრადიცია, რომელიც დამკვიდრებულია უნივერსიტეტში, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლები ავტომატურად ხდებიან რექტორები, ჩვენ გვინდა, რომ ეს წესი დასრულდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში ისევ შევხვდეთ, რადგან განსახილველი საკითხი კიდევ ძალიან ბევრია,- განაცხადა სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წარმომადგენელმა თორნიკე შევარდნაძემ.




Print

« იხ. ყველა სიახლე